ხვალიდან ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება

ხვალიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი შედის ძალაში და ე.წ. ჭკვიანი კამერები ამოქმედდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, შსს-მ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის და შსს-ს ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები მოამზადა. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბუკლეტები დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში მძღოლებს დაურიგეს.

მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი. ასევე, ამოქმედდება ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დაფიქსირება. შსს-ში მიმდინარე საპოლიციო ტექნოლოგიური რეფორმის ფარგლებში, 2017 წლის ბოლომდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება.