საქართველოდან „გუგლში“ ყველაზე ხშირად ავტომობილის ფასს ეძებენ

ბრიტანულმა გამოცემა Independent-მა „გუგლში“ ძიების მიხედვით მსოფლიოს რუკა შეადგინა და საკმაოდ საინტერესო სურათი მიიღო.

მიუხედავად იმისა, რომ თემებში მსგავსების შემთხვევებიც იყო, რუკა მაინც ჭრელი გამოვიდა.

თანამედროვე კულტურაში ზოგიერთი ქვეყანა კონკრეტულ თემასთან ან ნივთთან ასოცირდება, მაგალითად, გერმანია - ლუდთან, თურქეთი - ხალიჩებთან, იაპონია - ელექტრომოწყობილობებთან და ასე შემდეგ. თუმცა, Independent-ის ცნობით, ეს ქვეყნები სულ სხვა რამეს ეძებენ „გუგლში“.

ცოტა ხნის წინ საყოფაცხოვრებო ფასებით დაინტერესებულმა ვებგვერდმა Fixr.com-მა მსოფლიო რუკა შექმნა ერთი კითხვის - რა ღირს ... ამ ქვეყანაში - მიხედვით.

როგორც გაირკვა, რუსეთში ყველაზე ხშირად ინტერესდებიან რა ღირს „მიგ“-ით ფრენა რუსეთში, ბრაზილიაში „რა ღირს პროსტიტუცია ბრაზილიაში“, კორეაში „რა ღირს რინოპლასტიკა“ და ა.შ. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, საქართველოში ყველაზე მეტად გვაინტერესებს ავტომობილების ფასები. ამავე რუკის თანახმად, ჩინელები - ელექტრომოწყობილობების, ინდოელები და რიგი აფრიკული ქვეყნები ძროხების, არაბები - აქლემების, სომხები - ხალიჩების, ამერიკელები - დაპატენტების, ავსტრალიელები კი ინ ვიტრო განაყოფიერების ფასებს ეძებენ. არის, რა თქმა უნდა, მსგავსებაც, ძალიან ბევრ ქვეყანაში თურმე ადგილობრივები საწვავისა და საკვების ფასებს გუგლავენ ყველაზე ხშირად.

კოკა კვირკველია