აზარტი წესების გარეშე - უკონტროლო სათამაშო ბიზნესი 400 მილიონიანი მოგებით

სათამაშო ბიზნესში არსებული ხარვეზები, დიდი მოგების ფონზე ბიუჯეტში გადახდილი მიზერული თანხა, სოციალური პრობლემები, რომელსაც ეს ბიზნესი ქმნის, არაერთხელ გამხდარა "ბანკები და ფინანსების" პუბლიკაციების თემა.

მრავალჯერ ითქვა და დაიწერა, რომ სექტორში უამრავი პრობლემა არსებობს, თუმცა, მიუხედავად უამრავი დაპირებისა, სახელმწიფოს მხრიდან არანაირი რეაგირება არ ჩანს. თემა რომ პრობლემურია, ამას ცხადყოფს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული პროექტი, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია არანაირი ბერკეტი სრულყოფილი კონტროლისთვის.

აზარტულ თამაშებს შემოსავლების სამსახურიც ვერ აკონტროლებს

როგორც პროექტშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურს სათამაშო ბიზნესის სფეროში სრულყოფილი კონტროლის განხორციელების მიზნით, ესაჭიროება ინფორმაცია თითოეულ სათამაშო აპარატში შესული და გასული თანხების შესახებ, სათამაშო აპარატის მოგების გაცემის პროცენტის ოდენობის შესახებ, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული თამაშობის შემთხვევაში, ტრანზაქციების ისტორიის შესახებ, ტოტალიზატორის შემთხვევაში, ყველა დადებული ბილეთის ისტორიის სისწორის შესახებ ინფორმაცია და ფიზიკურად მოწყობილი სამორინეს შემთხვევაში სალაროში და თითოეულ მაგიდაზე შესული/გასული თანხების/ჟეტონების შესახებ.

მიზანი გასაგებია, თუმცა აქ სხვა რაიმე მნიშვნელოვანი, შემოსავლების სამსახურმა ფაქტობრივად აღიარა, რომ დღემდე ვერ ხერხდება სათამაშო ბიზნესის სრული კონტროლი და ბიზნესი, რომელიც მილიონობით შემოსავალს იღებს, საკუთარ ნებაზეა მიშვებული. გთავაზობთ ციტატას შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებული პროექტიდან "არსებული მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურს არ გააჩნია ბერკეტი დააწესოს და განახორციელოს სრულყოფილი კონტროლი გადასახადების გადახდის და სანებართვო პირობების შესრულებაზე, ვინაიდან არ გააჩნია კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია".

ანუ იმას, რაზეც "ბანკები და ფინანსები" წლების განმავლობაში წერდა, რაზეც ექსპერტები მუდმივად საუბრობდნენ, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მიუთითებდნენ, ახლა უკვე შემოსავლების სამსახურმაც ღიად დაადასტურა.

თუმცა, დადასტურება ერთია, ხოლო შესაბამისი რეაგირების მოხდენა მეორე და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი. იმედია, ახლა მაინც მოექცევა შესაბამისი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან სათამაშო ბიზნეს სექტორს და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესსექტორის რეგულირებისთვის.

4 მილიარდიანი ბრუნვის ფონზე მიღებული 400 მილიონიანი მოგება

საბოლოო ჯამში დეტალურად არავინ იცის, თუ რა თანხები ბრუნავს ამ სექტორში და ეს შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ პროექტშიც კარგად ჩანს, თუმცა, იმავე შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადებული ოფიციალური პრეზენტაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სათამაშო ბიზნეს სექტორის ბრუნვამ 2016 წელს 4 მილიარდ 302 მილიონი ლარი შეადგინა – რაც საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვია. პრეზენტაციაში არ ჩანს სექტორის მოგება, თუმცა, თუ მოგების გადასახადის მიხედვით ვიმსჯელებთ, რომელიც 600 მილიონია და სრული მოგების 15%-ია, გამოდის, რომ 2016 წელს, გადასახადების გადახდამდე აზარტული თამაშების მთლიანმა მოგებამ 400 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგებამ 340 მილიონი. სწორედ ეს არის მოგების ის მაჩვენებელი, რაც სექტორის უკონტროლობის პირობებში შემოსავლების სამსახურს გააჩნია.

ამჟამად აზარტული თამაშების ბაზარზე 138 კომპანიაა წარმოდგენილი, რომლითაც ჯამში 2016 წელს საბიუჯეტო გადასახადების სახით გადახდილი აქვთ 110 მილიონი ლარი, ხოლო სექტორში დასაქმებულია 7265 ადამიანი.

რაც შეეხება 2017 წელს, იანვარ-მარტში აზარტული თამაშების ბრუნვამ შეადგინა 16 მილიარდ 845 მილიონი ლარი, ხოლო გადასახადის გადახდამდე მოგებამ 206 მილიონი ლარი. გადასახადების სახით ბიუჯეტში შემოსულია 55 მილიონი. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს აზარტულ თამაშებზე მოსაკრებელი გაიზარდა და შესაბამისად მეტი თანხებია ბიუჯეტშიც გადახდილი, თუმცა ამავდროულად საკმაოდ გაზრდილია მოგების მაჩვენებელიც.

"ჰაერში გამოკიდული" კანონპროექტი

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ითქვა, რომ აზარტული თამაშები ქვეყანაში მწვავე სოციალურ პრობლემებს იწვევდა და აუცილებელი იყო სექტორის რეგულირება. თუმცა, მას შემდეგ უკვე 5 წელი გავიდა და კანონპროექტი დღემდე ვერ მომზადდა. იყო რამდენიმე მცდელობა, თუმცა, ყოველი მცდელობა კრახით დამთავრდა და სათამაშო ბიზნესი დღემდე უკონტროლო სფეროდ რჩება.

რამდენიმე თვის წინაც პარლამენტში, თითქოს, აქტიურად დაიწყო სათამაშო ბიზნესის რეგულირებისთვის კანონპროექტის მომზადებაზე მუშაობა. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემოსავლების სამსახურს უნდა მოემზადებინა და სქეტორის რეგულირებაც 2018 წლიდან დაწყებულიყო, თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და საკითხიც ყველამ მიივიწყა. როგორც ჩანს, აზარტული თამაშების ლობმა ამჯერადაც გაიმარჯვა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესი კვლავ ყოველგვარ კონტროლს მიღმა რჩება, რის შედეგადაც ბიუჯეტი კარგავს უზარმაზარ შემოსავლებს, ქვეყანაში კი სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება.

გიორგი კაპანაძე

გაზეთი "ბანკები და ფინანსები"