„რადიო ქალაქი“ მუხიანში, რეაბილიტირებული მზიურის და დენდროლოგიური პარკი, განათლების პარკი, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია.
ეს იმ პროექტების ნაწილია, რომლის განხორციელებასაც დედაქალაქის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე მომავალი 4 წლის განმავლობაში გეგმავს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რას დაპირდა კალაძე თბილისსა და თბილისელებს და გთავაზობთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლის განხორციელებაც მომავალ წლებში იგეგმება.
დაგეგმილია მეტროს მოდერნიზაცია; 700 ახალი ავტობუსის შემოყვანა; ავტობუსის გაჩერებების განახლება და 500 ახალი გაჩერების დამონტაჟება; რუსთაველი-მთაწმინდის საბაგიროს მშენებლობის დასრულება და ახალი საბაგირო გზების დაპროექტება-მშენებლობა; მტკვარზე წყლის ტრანსპორტის განვითარება.
ამასთან, კახა კალაძის დაპირებების თანახმად, მომდევნო წლებში იგეგმება ასევე: დედაქალაქის მასშტაბით 20 ახალი საბავშვო ბაღის, უფროსკლასელებისთვის 5 სპეციალიზებული სკოლის (ევროპული სკოლა; HTH საქართველო; ხელობის სკოლა; ხელოვნების სკოლა; STEM სკოლები) მშენებლობა; ახალგაზრდებისთვის ღია სივრცეების და ქალაქის 10-ვე რაიონში მულტიფუნქციური კომპლექსის მოწყობა; ამასთან, თბილისის ყველა რაიონში მოეწყობა განათლებისა და კულტურის ახალგაზრდული ცენტრები.
დედაქალაქის ახალი მერი გეგმავს მუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე, „რადიო ქალაქის“ მოწყობას. კომპლექსი, რომელიც 102.000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, კერძო ინვესტიციით უნდა მოეწყოს, მოიცავს: სპორტულ და გასართობ შემეცნებით სივრცეებს, შიდა და გარე აუზს, სპორტულ მოედნებს, საგამოფენო დარბაზებს, კინოთეატრს ღია ცის ქვეშ, გასართობ და დასასვენებელ სივრცეებს, კარტინგს და სხვა.
დაგეგმილია მზიურის პარკის სრული რეაბილიტაცია, კალაძის დაპირების ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცეები და დამატებითი გამწვანება მოეწყობა; ასევე მოხდება თბილისის ზღვაზე მდებარე დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია, შედეგად მოეწყობა დასასვენებელი სივრცეები ოჯახებისთვის, საპიკნიკე ზონები, სარბენი და ველობილიკები.
კახა კალაძე აპირებს ასევე თბილისში განათლების პარკის აშენებას, სადაც მოეწყობა თანამედროვე ლაბორატორიები, სწავლება განხორციელდება უახლესი მეთოდიკით. მოხდება ვეფხი და მოყმის ტერიტორიის განახლება, აშენდება ხიდი, რომელიც გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას დააკავშირებს; დაგეგმილია ესტაკადების მშენებლობაც, კერძოდ, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთაზე; ასევე აშენდება ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩასასვლელი ესტაკადა.
გარდა ამისა, კალაძის მნიშვნელოვანი საარჩევნო დაპირებები იყო: ხრუშჩოვკების ეტაპობრივი ჩანაცვლების პროექტი; მასშტაბური რეკრეაციული პროექტები ვერესა და თბილისის ზღვაზე; ტაქსების სექტორის მოწესრიგება; ღამის ეკონომიკის განვითარება -ღამის ტურისტული მარშრუტების შემუშავება, ღამის საათებში მუზეუმების, საგამოფენო სივრცეებისა და კინოთეატრების გახსნა.