თუ დავინახავთ, რომ ინფლაციის საფრთხე იქნება, ჩვენ ყველანაირი ინსტრუმენტი გვაქვს ამაზე გავლენის მოსახდენად.
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა ლარის მორიგი გაუფასურების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მესტვირიშვილის განმარტებით, საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ გვქონდეს მდგრადი გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდა, რაც კონკურენტული ბიზნეს გარემოს შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, მცურავი გაცვლითი კურსისთვის დამახასიათებელია ცვალებადობა და ეს ხდება როგორც საქართველოში ასევე, სხვა ქვეყნებში.
არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვალებადობა შედარებით ახალია საქართველოსთვის და გარკვეულ აჟიოტაჟს ამიტომაც იწვევს.
„რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება. გვინახავს უფრო მეტი გაუფასურება, მაგრამ გაუფასურება შემდეგ იწვევს საპირისპირო პროცესებს - ერთი, რომ მოლოდინების მიღება ხდება და მეორე, რომ ფუნდამენტური ფაქტორები უფრო უმჯობესდება, რაც ასევე გაუფასურების შეტრიალებას იწვევს. თუ დავინახავთ, რომ ინფლაციის საფრთხე იქნება, ჩვენ ყველანაირი ინსტრუმენტი გვაქვს ამაზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.