საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, რომ ბიზნესის საქმიანობა ჩვენთან საერთაშორისო პრაქტიკას და ევროპულ სტანდარტებს უნდა დაუახლოვდეს.
სწორედ ამ მიზნით ხორციელდება რეფორმა, რომელიც მცირე და საშუალო საწამორებში ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ამ სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების მომზადება შესაბამისი კატეგორიის საწარმოებისათვის სავალდებულო ხდება 2018 წლის იანვრიდან. კანონის მოთხოვნების უგულვებელყოფის შემთხვევაში, ამოქმედდება შესაბამისი სანქციები, მათ შორის, წერილობითი გაფრთხილება, ფულადი ჯარიმა და მმართველობითი ორგანოს წევრისთვის ფუნქციების აკრძალვა. საწარმოთა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი მოქმედებს ევროპის ყველა ქვეყანაში, რუსეთში, ჩინეთში, ავსტრალიაში, კანადასა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში.
თემასთან დაკავშირებით „ბიზნესპრენიუსი“ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის გამგეობის წევრს, კომპანია „ბიდიოს“ მმართველი პარტნიორს - ზურაბ ლალაზაშვილს ესაუბრა.
ზურაბ ლალაზაშვილი მიიჩნევს, რომ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში მოქცევა ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს:
- ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ ჩვენი კანონმდებლობა და ბიზნესგარემო ევროკავშირთან შესაბამისობაში მოსულიყო. მათ შორის არის ფინანსური ანგარიშგების მომზადების ახალი წესების დამკვიდრება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის (მსს ფასს). ეს სტანდარტები ჩვენთვის არის ახალი, თორემ სხვა ქვეყნებში უკვე დიდი ხნის აპრობირებულია. მცირე და საშუალო საწარმოებს დაევალებათ ახალი სტანდარტების მიხედვით ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებაში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში (შემდგომში სამსახური)
- ბატონო ზურაბ, ფინანსური ანგარიშგების წარდგენა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან სავალდებულო ხდება. როგორ უნდა მოემზადონ კომპანიები ამ ცვლილებისთვის?
- საწარმოები პირველ რიგში უნდა გაეცნონ ამ სტანდარტებს. ეს მცირეტანიანი დოკუმენტია იმასთან შედარებით, რაც ადრე საქართველოში მოქმედებდა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. უნდა გაეცნონ როგორ მოამზადონ კომპანიის ბალანსი, მოგება-ზარალისა და სხვა ანგარიშგებები, მოასწრონ ფინანსური ანგარიშგების მომზადება და საჭირო დროს წარდგენა. ძალიან ბევრი რამ იცვლება და ახალ რეგულაციებს ყველა კომპანია ყურადღებით უნდა გაეცნოს. სამსახურს აქვს ვებგვერდი. იქ არის ბმული, საიდანაც შეუძლიათ ამ ცვლილებების შესახებ დაწვრილებით გაიგონ.
- რით განსხვავდება ანგარიშგების ახალი სტანდარტები უკვე არსებულისგან?
- არსებული ანუ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (ფასს) საქართველოში 2000 წლიდან მოქმედებს და საკმაოდ რთული დოკუმენტია მცირე და საშუალო საწარმოებისთვის გამოსაყენებლად.
თუმცა არსებული პრაქტიკის მიხედვით კომპანიები არც ამ სტანდარტებს იყენებდნენ და შესაბამისად არ ამზადებდნენ ფინანსური ანგარიშგებებს და ნაცვლად ამისა მხოლოდ მოგების დეკლარაციას წარადგენდნენ შემოსავლების სამსახურში.
შესაბამისად გამოდის რომ ამ საწარმოებს ახალი მოთხოვნები დაუწესდათ, ვანაიდან მოგების დეკლარაცია პრინციპულად განსხვავდება ფინანსური ანაგრიშგებისაგან ჯერ ერთი, მოგების დეკლარაცია ყოველთვიური გახდა, ხოლო ფინანსური ანგარიშგება წელიწადში ერთხელ უნდა განხორციელდეს. თანაც, ეს უკანასკნელი მოიცავს ინფორმაციას კომპანიის აქტივებზე, ვალდებულებებზე, კომპანიის კაპიტალზე, რა შემოსავალი მიიღო ამ კომპანიამ, რა ხარჯი გასწია და რა მოგება აქვს ანუ ის უფრო ფართო ინფორმაციას მოიცავს. შესაბამისად ყველა ბუღალტერს მოუწევს ამ ახალი მოთხოვნების გათვალისწინება და ამისათვის აუცილებლად დასჭირდებათ შესაბამისი სააღრიცხვო სისტემები, რომ უზრუნველყონ ფინანსური ინფორმაციის სწორად და დროულად დამუშავება.
- თქვენი აზრით, რას შეცვლის ანგარიშგების ახალი სისტემის შემოღება კომპანიების საქმიანობაში?
- საბოლოო ჯამში, ეს სიახლე ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს კომპანიებს. თუ ადრე ფინანსურ ანგარიშგებას არ ამზადებდნენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, გამოდის რომ კომპანიის რეალური ფინანსური მდგომარეობა მისმა ხელმძღვანელებმაც კი არ იცოდნენ. არ იცოდნენ ჰქონდა თუ არა კომპანიას საშუალება, რომ დამატებითი ვალდებულებები აეღო, ან დამატებითი დივიდენდები გადაეხადა დამფუძნებლისთვის. ასევე, როცა ბანკებთან, ან ინვესტორებთან უწევდათ ურთიერთობა, უჭირდათ თავიანთი ფინანსური მონაცემების სწორად წარდგენა. ასეთი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაში ყოველდღიურად გვხვდებოდა.
სხვათა შორის, 2016 წლის ფინანსური ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით კომპანიების ნაწილმა, რომლებიც მიეკუთვნებიან ე.წ. სდპ პირებს, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უკვე წარადგინა. ეს პროცესი 2018-2019 წლებშიც გაგრძელდება და სხვადასხვა კატეგორიის კომპანიებს შეეხება. ახალი რეგულაცია დაეხმარება კომპანიებს, რომ მათი საქმიანობა უფრო გამჭვირვალე გახდეს.
- თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ მათთვის ბევრი რამ რთულდება...
-თავიდან შეიძლება გაუჭირდეთ, მაგრამ ვინც ფინანსური ანგარიშგების სათავისოდ გამოყენებას ისწავლის, საქმე ძალიან გაუადვილდება. კერძოდ, კომპანიებისთვის გაუმჯობესდება წვდომა ფინანსურ რესურსებზე, გაიზრდება მათდამი ნდობა, გამარტივდება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტიციების მოზიდვა და ამაღლდება მათი საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი. 2019 წლის ბოლომდე უკვე ყველა კომპანია იქნება მოქცეული ამ რეგულაციის ქვეშ და ყველას ექნება წარდგენილი ანგარიშგება. ეს ნიშნავს, რომ ყველა კომპანიის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია გვექნება. მცირე და საშუალო ბიზნესს მსს ფასს შეეხება, რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, მათი ფინანსური ანგარიშგების მომზადება უფრო რთულია, შესაბამისად, უფრო მეტი ძალისხმევა და შრომა დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეფორმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, რომელიც აქტიურად ცდილობს ახალი რეგულაციები გააცნოს ფართო საზოგადოებას.
ხათუნა ჩიგოგიძე