მომავალი წლიდან საქართველოში საჯარო და კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა განათლების ხარისხის ასამაღლებლად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალ სტანდარტებზე. აღნიშნული სტანდარტები ერთი მხრივ, ბაღის აღმზრდელ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მეორე მხრივ, სასკოლო ასაკის ბავშვების სკოლისთვის აუცილებელი უნარების შეძენას ითვალისწინებს.
თემურ თორდინავას თქმით, მთავრობის მიერ დამტკიცებული ახალი სტანდარტების დანერგვა და განვითარება კერძო ბაღებშიც სავალდებულო იქნება. ახალი სტანდარტების ამოქმედება კი ბაღების ავტორიზაციის პირობის შემადგენელი ნაწილია.
სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამტკიცდება.
„საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესი ჯერ დამტკიცებული არ არის და იგი წლის ბოლომდე დამტკიცდება. მომავალი წლიდან კი საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი დაიწყება. როდესაც ქვეყანაში ყველა საბავშვო ბაღის ავტორიზაცია მოხდება, ჩვენ რეალური სურათი შეგვექმნება – კერძო თუ საჯარო ბაღები რა პირობებს აკმაყოფილებენ. ამის შემდეგ იქნება დასაგეგმი გასატარებელი ღონისძიებები“, – განაცხადა თორდინავამ.
რაც შეეხება ავტორიზაციას უშუალოდ ინფრასტრუქტურის ნაწილში, თორდინავა ვარაუდობს, რომ საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესმა შესაძლოა 2020 წლისთვის გადაიწიოს.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში დღეისთვის 171 საბავშვო ბაღია, სადაც 61 500 აღსაზრდელი დადის.