პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება.
როგორც ქაცარავა აცხადებს, ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს დაწინაურება ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების შედეგია.
„საქართველოში ბიზნესის კეთება ასეთი კომფორტული და მარტივი ჯერ არ ყოფილა და ეს აისახა მსოფლიო ბანკის წლევანდელ ანგარიშში. ერთი წლის განმავლობაში საქართველო შვიდი საფეხურით დაწინაურდა და დღეს მეცხრე ადგილს იკავებს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. ვუსწრებთ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის ესტონეთი, შვედეთი, კანადა, ავსტრალია და სხვა. ეს თავისთავად შედეგია იმ მნიშვნელოვანი და თანმიმდევრული რეფორმებისა, რასაც ხელისუფლება ატარებს და ცხადია ასევე მნიშვნელოვანი გზავნილი არის ზოგადად, ინვესტორების მიმართ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება არის მართლაც ძალიან კომფორტული და მარტივი“, - აცხადებს სოფიო ქაცარავა.
მსოფლიო ბანკის Doing Business 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგი 7 ადგილით გაუმჯობესდა. როგორც ეკონომიკის სამინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2018 წელს საქართველოს ქულა 2.12 პუნქტით გაუმჯობესდა (82.04 ქულამდე) და 190 ქვეყანას შორის მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.