2020 წლის ბოლოსთვის უკვე უნდა მივაღწიოთ იმ სტანდარტს, როდესაც ბაღებში, ბაგის ჯგუფში მაქსიმუმ 25 და ბაღის ჯგუფში 30 ბავშვი იქნება , – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა თემურ თორდინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯგუფებში აღნიშნული რაოდენობის ბავშვების მიღება უზრუნველყოფს ახალი საგანმანათლებლო მიმართულების სტანდარტების უფრო ეფექტურად განხორციელებას, რომელიც საქართველოს მთავრობამ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის ახლახანს დაამტკიცა. როგორც თორდინავამ აღნიშნა, გადატვირთული ჯგუფებით კი ახალი სტანდარტების განხორციელება შეუძლებელი იქნება.
თორდინავას თქმით, აღნიშნული საგანმანათლებლო სტანდარტების დასანერგად მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისში მინიმუმ 30 საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს. დღეისთვის კი დედაქალაქში 171 საჯარო საბავშვო ბაღია, სადაც 61 500 აღსაზრდელი დადის. მომავალ წელს კიდევ 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაა დაგეგმილი. თორდინავა მიიჩნევს, რომ თბილისში ბაღების მშენებლობის ტემპი არ უნდა შეჩერდეს.
„ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის“ მიხედვით, ერთ-ერთი მთავარი საგანმანათლებლო კომპონენტისთვის ყურადღების მიქცევაა, რაც ადრე არ ყოფილა. ამ სტანდარტების მიღებამ უკვე ეროვნულ დონეზე განსაზღვრა საგანმანათლებლო მიმართულების მაღალ სტანდარტებზე აყვანა და ეს არის მთავარი ამოცანა. ამ სტანდარტების განვითარებითა და დანერგვით პატარები საგანმანათლებლო მიმართულებით უფრო მაღალ სერვისს მიიღებენ, ვიდრე წინა პერიოდში“, – აღნიშნა თორდინავამ.