„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ცვლილებათა პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
პროექტის ავტორი ფინანსთა სამინისტროა.
კანონპროექტის თანახმად, აიკრძალება 21 წლამდე საქართველოსა და 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობა აზარტულ თამაშობებში.
„აკრძალულია 21 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის აზარტული ან მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში) მონაწილეობა,“-ნათქვამია კანონპროექტში.
რაც შეეხება სანქციებს, 21 წლამდე ასაკის საქართველოს ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მოქალაქეობის არმქონე პირის) აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან მომგებიან თამაშობაში დაშვება, თამაშობის ორგანიზატორის 5 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ორგანიზატორი 10 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, ინტერნეტით აზარტული თამაშობის გამართვის შემთხვევაში, ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ინფორმაცია 21 წლამდე საქართველოს მოქალაქის ან 18 წლამდე უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ და ნებართვის ნომერი.