თბილისში, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ღონისძიება საქართველოსა და ესტონეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ორგანიზებით იმართება. ესტონეთის ბიზნეს დელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.
როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, ესტონური ბიზნეს დელეგაციის შემადგენლობაში 34 წევრია.
"დღევანდელ ფორუმზე ძალიან ფართო სპექტრია წარმოდგენილი სექტორების.
საქართველოს მხრიდან 120 კომპანია მონაწილეობს. გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ესტონელ ბიზნესმენებს შორის. იმედი გვაქვს, რომ ისინი შეძლებენ საქართველოში პარტნიორის მოძიებას და სავაჭრო-საინვესტიციო ურთიერთობების დამყარებას", - განაცხადა ნინო ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ესტონეთის დელეგაციის მხრიდან წარმოდგენილოა სხვადასხვა სექტორი, მათ შორის, ლოგისტიკა, გადაზიდვები, კვების მრეწველობა, სამშენებლო სექტორი, არქტიექტურული კომპანიები და ფინანსური სექტორი.
ღონისძიებას ასევე ესწრება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე და ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი კადრი სიმსონი.
ზურაბ ალავიძის განცხადებით, საქართველო და ესტონეთი აღნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.
"ჩვენ ესტონეთი მხარს გვიჭერს ყველა მიმართულებით, რასაც ძალიან ვაფასებთ. მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები. არის რამდენიმე მსხვილი პროექტი უძრავი ქონების მიმართულებით, სადაც საქართველოში ესტონური ინვესტიციაა. განვიხილავთ სხვადასხვა მიმართულებას, როგორ შეიძლება ჩაერთონ ესტონელები ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე, როგორ გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა", - განაცხადა ალავიძემ.
ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.