40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვის სავალდებულობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია სისტემის მდგრადობის შენარჩუნების მოტივით ხსნის.
გიორგი გახარიას განმარტებით, საპენსიო რეფორმა არის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის განხორციელებაც აუცილებელია საქართველოს ეკონომიკისთვის.
“საპენსიო რეფორმას აქვს უდიდესი სოციალური დატვირთვა. ეს მოდელი იყო არჩეული ყველა იმ რისკების გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას როგორც ეკონომიკურად, ასევე დემოგრაფიულად.
რაც შეეხება იმას, 40 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის რატომ გახდა სავალდებულო სისტემაში ჩართვა, ეს კომპონენტი ჩვენს პირობებში აუცილებელი იყო იმისთვის, რომ გარკვეული მდგრადობა მთლიანად საპენსიო სისტემას შეენარჩუნებინა. ეს არის ძირითადი მოტივაცია, რის გამოც სავალდებულოობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულოა. 40 წელს ზევით და თვითდასაქმებული მოქალაქეებისთვის კი ნებაყოფლობითი.
“დაგროვებითი საპენსიო რეფორმის” შესახებ კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტს წლის ბოლომდე წარედგინება.