ვიდეოჯარიმების ადმინისტრირების ახალი წესი იძლევა იმის საშუალებას, რომ ურჩ გადამხდელებს არ მიეცეთ საშუალება, თავი აარიდონ პასუხისმგებლობას , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამინისტრო ყველანაირად ეცდება მოახდინოს ურჩი გადამხდელების იდენტიფიცირება და ე.წ. ჭკვიანი კამერებისა და საპატრულო პოლიციის საშუალებით გააფრთხილოს მძღოლი ჯარიმისა და მოსალოდნელი საურავების თაობაზე.
„ჩვენ გვაქვს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს იმას, რომ არ მოხდეს ადამიანის ინფორმირება საურავების თაობაზე, იგივე ეს-ემ-ესი, იგივე ქვითრის დაახლოებით ორჯერ ჩაბარება ორთვიან პერიოდში, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ადამიანი რომელიც კეთილსინდისიერია, რაღაცით არ იყოს ინფორმირებული. ბოლო ეტაპია ქვითრის შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება, რომლის ნახვაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ერთადერთი რისკ ჯგუფი რჩება, რომლებიც ჯიუტად არიდებენ თავს გადახდას, არიან დამრღვევები და არაკეთილსინდისიერები სახელმწიფოს და საზოგადოების მიმართ. ამ შემთხვევაში მოქალაქე ცდილობს მაქსიმალური იგნორირება გაუკეთოს სახელმწიფოს მიერ გამოწერილ ჯარიმას. ასეთი მოქალაქეების პირობებშიც კი ის ერთწლიანი ხანდაზმულობის ვადა უზრუნველყოფს იმას, რომ ასეთ მოქალაქეს არ მივცეთ საშუალება, თავი აარიდოს ჯარიმის გადახდას. ძალიან ურჩი გადამხდელებისთვის ჩვენ ანალიტიკური პროგრამის მეშვეობით ვეცდებით, რომ მოვახდინოთ ასეთი პირის იდენტიფიცირება და თუ რომელიმე კამერასთან გაიარა ამ მძღოლმა, მივაწოდოთ ინფორმაცია საპატრულო პოლიციას მისი გადაადგილების შესახებ და პატრული გააფრთხილებს მას, რომ აქვს ჯარიმა“, - განაცხადა გუშინ ხუციშვილმა.