უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვეში, იტალიაში შესვლაზე უარი საქართველოს 60 მოქალაქეს უთხრეს, საბერძნეთში - 56-ს, პოლონეთში - 53-ს, კვიპროსში - 49-ს

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 7 თვეში, შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი სულ საქართველოს 324 მოქალაქეს უთხრეს.

როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, ყველაზე მეტი უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან მიიღეს.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მონაცემები ასე გამოიყურება: იტალიაში შესვლაზე უარი უთხრეს - 60 მოქალაქეს, საბერძნეთში შესვლაზე - 56 მოქალაქეს, პოლონეთში შესვლაზე - 53 მოქალაქეს, კვიპროსში შესვლაზე - 49 მოქალაქეს, უნგრეთში შესვლაზე - 33 მოქალაქეს, გერმანიაში შესვლაზე - 26 მოქალაქეს, ლიტვაში შესვლაზე - 15 მოქალაქეს, ნიდერლანდებში შესვლაზე - 12 მოქალაქეს, ბელგიაში შესვლაზე - 9 მოქალაქეს, საფრანგეთსა და შვედეთში შესვლაზე - 3 მოქალაქეს, შვეიცარიასა და ესტონეთში შესვლაზე - 2-2 მოქალაქეს, ხოლო ესპანეთში შესვლაზე საქართველოს 1 მოქალაქეს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უფრო მეტი უარი ქვეყნებში შესვლაზე მამაკაცებმა მიიღეს.

მონაცემები მოიცავს პერიოდს უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან, 2017 წლის 28 მარტიდან 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.

აღსანიშნავია, რომ 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა.