აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ-იორკის ტერაქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი, უზბეკეთის მოქალაქე საიფულო საიპოვი აშშ-ში მწვანე ბარათის მეშვეობით ჩავიდა.
დონალდ ტრამპმა ასევე დაადანაშაულა სენატში „დემოკრატების“ უმცირესობის ლიდერი ჩაკ შუმერი იმაში, რომ ის მწვანე ბარათის გათამაშებას უჭერს მხარს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს ისეთი სისტემის შემოღება, რომლითაც აშშ-ში იმიგრირების საშუალებას მიიღებენ ის უცხოელები, რომლებიც ღირებულ პროფესიულ უნარებს ფლობენ, რაც ამერიკის ეკონომიკას სჭირდება.
„ტერორისტი ჩვენს ქვეყანაში ე.წ. საიმიგრაციო ვიზების ლატარეის პროგრამით ჩამოვიდა, რომელიც ასე მოსწონს ჩაკ შუმერს. ჩვენ ვიბრძვით, რათა იმიგრაციის ისეთი სისტემა შემოვიღოთ, რომელიც დაეფუძნება ღირებულების კრიტერიუმებს. ჩვენ უფრო მკაცრი და ჭკვიანები უნდა ვიყოთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
არსებული ინფორმაციით, ნიუ-იორკში ტერაქტი 29 წლის უზბეკეთის მოქალაქემ განახორციელა. ის მწვანე ბარათის მფლობელი იყო და აშშ-ში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. დაღუპულებს შორის არგენტინის 5 მოქალაქეა.
თავდამსხმელი მანქანით ჯერ ველოსიპედისტებს, შემდეგ კი სასკოლო ავტობუსს შეეჯახა და სროლა დაიწყო.