„საქართველოს დერეფანმა წლების მანძილზე 50-70%-მდე ტვირთები დაკარგა“

საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორის ჯაბა თარიმანაშვილის განცხადებით, საქართველოს დერეფანმა წლების მანძილზე 50-70%-მდე ტვირთები დაკარგა.

მისივე თქმით, სატრანსპორტო ინდუსტრიის კუთხით ქვეყანაში ქაოსია, რის გამოც სატრანსპორტო დარგი კომპანიებსა და ტვირთნაკადებს ყოველწლიურად კარგავს, მთავრობა კი რეფორმებს მაინც არ ახორციელებს.

ჯაბა თარიმანაშვილის მოსაზრებით, შესაძლოა, ასეთი ქაოსი და ბუნდოვანება გარკვეულ პირებს, „ხელის მოსათბობად“ აწყობთ.

„მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგის – ტრანსპორტის ინდუსტრიის, გამოწვევებისა და პრობლემატიკის არსი. ტრანსპორტის ინდუსტრია 3 მთავარ კომპონენტად იყოფა: ინფრასტრუქტურა (გზა, რკინიგზა, პორტები, ტერმინალები, აეროპორტები); სატრანპორტო საშუალებები (ავტობუსი, ავტომობილი, მატარებელი, თვითმფრინავი, გემი) და მართვა (ფინანსები, პოლიტიკა, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, სისტემების შექმნა, პროექტების დაგეგმვა და კოორდინირება). აქედან, ორი კომპონტენტი - ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები ავად თუ კარგად საქართველოში მაინც არსებობს. ხოლო ძირითადი კომპონენტი - მართვა, რომელიც ქმნის, არეგულირებს, კოორდინირებას უწევს ამ ორ კომპონენტს, გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული არ არის“, - განაცხადა თარიმანაშვილმა.

მისივე ცნობით, ეკონომიკის სამინისტროში არის დეპარტამენტი, რომელიც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების მხრივ პოლიტიკის შექმნაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ საკითხავია, სატრანსპორტო დარგში შემავალი კომპონენტების სისტემური მოწყობა და დეპარტამენტში მომუშავეთა კომპეტენციები რამდენად აძლევს ამის საშუალებას.

როგორც „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი აღნიშნავს, საქართველოში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში, ფაქტობრივად არ არის ერთიანი პასუხისმგებელი პიროვნება და ძლიერი დამოუკიდებელი ინსტიტუტები, რომლებიც ტენდენციებს დააკვირდებიან და ანალიტიკაზე იმუშავებენ.

„ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რომ წლების მანძილზე ტვირთნაკადების დაღმავალი ტენდენციების განვითარების მიუხედავად არანაირი რეფორმა არ გატარდეს? სად არის სტრატეგია და ხედვა? რა გვინდა, რისკენ ვისწრაფვით? ასეთ გაუგებარ მდგომარეობაში ყოფნას, დარგი ავტომატურად უარყობით შედეგებამდე მიყავს. თუ მთავრობამ სამოქმედო არეალი და სისტემები არ შეუქმნა, ბიზნესი თავად ვერ განვითარდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს ტრანსპორტის ინდუსტრიის მესამე, მთავარი კომპონენტის – მართვის არქონაზე, რომელიც საქართველოში სისტემური პრობლემაა. საქართველოს არ ჰყავს მოლაპარაკების უნარის მქონე, სატრანსპორტო დარგზე პასუხისმგებელი პიროვნება, რომელიც გადაჭრის პრობლემებს საქართველოზე გამავალი დერეფნის შემადგენელ ქვეყნებში. პიროვნება, რომელიც შეძლებს მოლაპარაკებებს: რკინიგზის, პორტების, მთავრობების, ტერმინალებისა და საბორნე გადამზიდავების ხელმძღვანელებთან“, - განაცხადა თარიმანაშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხების გადასაჭრელად, მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით, სატრანსპორტო ინდუსტრიის ყველა კომპონენტის კონსოლიდაციის განხორციელება.

„რაც შეეხება ბარიერებს, უნდა გამოირიცხოს შუალედური კომპანიების სიმრავლე, ადამიანური და პირადი ინტერესების ფაქტორები, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება. რათ მოხდეს ბიზნესისთვის საინტერესო გარემოსა და პლატფორმის შექმნა. ასეთი რეფორმა, ავტომატურად მოიზიდავს ტვირთნაკადებს, გაზრდის ვაჭრობას და შექმნის დოვლათს. მონოპოლიების ან ექსკლუზივების აღმოფხვრა და შექმნილი სიმდიდრის საზოგადოებაზე გადანაწილება საქართველოს მოსახლეობას მდიდარს, ბედნიერს და გალაღებულს გახდის,“ - აღნიშნავს თარიმანაშვილი.