მომხმარებელთა უმრავლესობა თვლის, რომ გადაუხდელი დავალიანების გამო საქართველოს საზღვრების დატოვებას ვერ შეძლებენ.
ხშირად ეს განპირობებულია კრედიტორის მუქარით, რომელიც ყველა ხერხს იყენებს იმისათვის, რომ მოვალისგან თანხა ,,ამოიღოს“.
საადვოკატო ბიუროს OK.CG-ს ცნობით, გადაუხდელი სესხი პირის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
„იმ პირობებშიც კი, როდესაც ვერ იხდით დავალიანებას, კრედიტორს არ აქვს უფლება რამე ფორმით აგიკრძალოთ საქართველოს ფარგლების დატოვება. მოვალისაგან ვალის ამოღების მიზნით კრედიტორს უფლება აქვს მიმართოს მხოლოდ იმ ღონისძიებებს, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით. კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების მოთხოვნით. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ განაცხადოთ პრეტენზია კრედიტორის მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანების შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს იძულებითი აღსრულება მოვალისგან თანხის ამოღების მიზნით,“-ნათქვამია OK.CG-ის ინფორმაციაში.