ჩვენს მიერ წარმოებული სამედიცინო პროდუქტი როგორც წესი საკმაოდ მდაბიო, ძალიან დაბალი ხარისხისაა.
ამის შესახებ, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ადმინისტრაციული სკოლის დეკანმა ვახტანგ სურგულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
„მართალია, სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, მაგრამ ხელმისაწვდომობა თუ გაიზრდება უნდა გაიზარდოს მაღალი ხარისხის სამედინიცო დამხარებისა და წამლების მიმართ. ჩვენ კი იმ რეალობის წინაშე ვართ, რომ შესაძლო სამედიცინო მომსახურება ყველამ მიიღო, თუმცა, ეს იყო დაბალი ხარისხის. სამედიცინო პროდუქტი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, როგორც წესი საკმაოდ მდაბიო, ძალიან დაბალი ხარისხისაა,“-აღნიშნა სურგულაძემ.
სურგულაძემ ექიმების მხრიდან პაციენტებისთვის საკმაოდ ძვირად ღირებული ან ბევრი, საჭიროზე მეტი წამლის დანიშვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა ქვეყანაში ხშირად დამდგარა.
„საქართველოში რეალური პრობლემაა ექიმების მიერ მედიკამენტების დანიშვნის დროს ქეშბექების ე.წ. ატკატების აღება, როდესაც ექიმი გაყიდულ მედიკამენტზე იღებს ანაზღაურებას. ის ექიმი ოფიციალურად არის რომელიმე კომპანიის კონსულტანტი და მათ ვერც დავიჭერთ და ვერც ამის გაკეთებას ავუკრძალავთ. ექიმს, რომელსაც 400 ლარს უხდი, ნუ მოვთხოვთ, რომ ეს არ ჩაიდინოს. საუბარია, სოფლის ექიმებზე, რომელთა ანაზღაურებაც 300-დან 400 ლარამდეა და 10 მედიკამენტის გამოწერაში მან შეიძლება ის 300 ლარი მიიღოს, რასაც სახელმწიფო უხდის. ექიმისა და მასწავლებლის სოციალური დონე არის ქვეყნის მაჩვენებელი, ჩვენთან კი ორივე საკმაოდ დაბალ სოციალურ დონეზეა,“-აღნიშნა სურგულაძემ.