„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ სულხან ზუმბურიძემ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა ხელი მოაწერეს საფინანსო ხელშეკრულებას 910 000 ევროს ოდენობის გრანტის გამოყოფასთან დაკავშირებით.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” აცნობეს, გრანტი გერმანიის მთავრობამ ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის ფარგლებში დაამტკიცა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გრანტი მოხმარდება 100 მლნ. ევროს ოდენობის ახალი სესხის მოსამზადებელ სამუშაოებს, კერძოდ: ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისა და გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობების შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას დამატებითი ღონისძიებების განსახორციელებლად, ხოლო სესხით დაფინანსდება ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში 2019 წელს შევა, ხოლო ძირითადი სამუშაოების დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.