ოპერატორები, რომლებიც ე.წ. ჭკვიან კამერებთან სხედან, აფიქსირებენ ღვედის და ჩაფხუტის გამოუყენებლობას და მობილურზე საუბარს , - ამის შესახებ “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ ჭკვიანი კამერები ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებენ შემდეგ დარღვევებს: საპირისპირო ზოლში მოძრაობა, ღერძულა ხაზის კვეთა, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და წითელ შუქნიშანზე გავლა.
”პირველი ნოემბრიდან ძალაში შევიდა ე.წ. ჭკვიანი კამერების სისტემის ამოქმედება. ეს იმას გულისხმობს, რომ თითოეული საგზაო დარღვევა, რომელსაც ქუჩაში ჩავიდენთ არ იქნება თავიდან აცილებული და იგნორირებული. რამდენიმე მნიშვნელოვან დარღვევას აფიქსირებენ ე.წ. ჭკვიანი კამერები, ესენია: საპირისპირო ზოლში მოძრაობა, ღერძულა ხაზის კვეთა, ავტობუსის ზოლში გადაადგილება და წითელ შუქნიშანზე გავლა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ გარდა ამ დარღვებებისა, თავად ოპერატორები, რომლებიც კამერებთან სხედან, აფიქსირებენ ღვედის გამოუყენებლობას, მობილურზე საუბარსა და ჩაფხუტის გამოუყენებლობას. გადახდის სისტემა შეიცვალა. კერძოდ, როდესაც დარღვევა დაფიქსირდება, ავტომატურ რეჟიმში მოგვდის მობილურზე შეტყობინება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი მოქმედი მობილურის ნომერი იყოს დაფიქსირებული მომსახურების სააგენტოში, რათა დროულად მივიღოთ ინფორმაცია ამის შესახებ. თუ 10 დღის განმავლობაში გადავიხდით ჯარიმას, 20%-იანი შეღავათი ვრცელდება, თუ არა, ორჯერ საფოსტო გზავნილით მოვა ინფორმაცია ჩვენს ფაქტობრივ მისამართზე. ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უკვე განთავსდება ჯარიმის შესახებ ინფორმაცია police.ge-ზე. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ გადახდისუნარიანობა გაუმჯობესდეს და ყველა მძღოლი იყოს მობილიზებული იმისთვის, რომ მართვის მოწმობა არ ჩამოერთვას. ჩემი აზრით, ესაა ძალიან სწორი და ევროპული მიდგომა”, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისში 100 ე.წ. ჭკვიანი კამერაა დამონტაჟებული და წლის ბოლომდე 7 დიდ ქალაქში კიდევ დამონტაჟდება კამერები. ეკა ლალიაშვილის განცხადებით, ე.წ. ჭკვიანი კამერების მიერ დაფიქსირებულ დარღვევებზე ქულების სისტემა არ ვრცელდება, მხოლოდ ჯარიმაა გადასახდელი.