"მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და ცდილობენ მეოთხე კვარტალის დასაწყისში ვალუტა შეიძინონ"

ბიზნესს, მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როდესაც შემოსავლები უჩნდებათ, ცდილობენ მეოთხე კვარტლის დასაწყისში ვალუტის შეძენა მოახდინონ , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტს განიხილავენ. გიორგი კაკაურიძეს დეპუტატებმა შეკითხვები ლარის კურსთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, 2014 წლის ნოემბერში დაიწყო ლარის კურსმა პირველი რყევა და მას შემდეგ იყო საკმაოდ დიდი რყევები.

„თუ ჩვენ ვნახავთ, რა სიტუაცია იყო მაშინ ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში - თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში და ა.შ. მათი ვალუტების მნიშვნელოვანი გაუფასურება მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მცდელობა იყო და მილიარდობით რეზერვი იქნა გამოყენებული, რათა ჩვენს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს მათი ვალუტების ცვალებადობა არ მოეხდინათ, ამან ვერ უშველა. მიუხედავად, მცირე პერიოდით შენარჩუნების, დოლართან მიმართებაში არაერთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორის ვალუტის მყისიერი გაუფასურება მოხდა“, - განაცხადა კაკაურიძემ და დასძინა, რომ სავაჭრო პარტნიორების ვალუტის გაუფასურება როცა ხდება, გამორიცხულია ეს არ აისახოს ქვეყნის გაცვლით კურსზე.

რაც შეეხება დღევანდელ სიტუციას, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რომელიც გაცვლით კურსზე მოქმედებს, დადებითია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, დღევანდელი სიტუაცია არ არის გამოწვეული იმ ფუნდამენტური ფაქტორებიდან, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს.

გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დღეს ლარის ცვალებადობაში დიდწილად როლი ითამაშა შექმნილმა მოლოდინებმა.

„სამწუხაროდ, ეს მოლოდინები შექმნილია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვეყანაში ჩამოყალიბდა მოლოდინი, რომ ყოველ წელს მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს. მცირე ბიზნესს, შეიძლება მსხვილ ბიზნესს, მოსახლეობას აქვს მოლოდინი, რომ წლის ბოლოს ლარი გაუფასურდება და როდესაც შემოსავლები უჩნდებათ, ცდილობენ მეოთხე კვარტლის დასაწყისში ყოველთვის მოახდინონ ვალუტის შეძენა. სამწუხაროდ, გვაქვს ეს მოცემულობა. ეს მოცემულობა ალბათ, სამართავია და უნდა მოხდეს მისი მართვა, რომ მოლოდინები სწორად იქნას ჩამოყალიბებული. ეს მოლოდინები ახდენს დღეს დიდ გავლენას, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ხათუნა გოგორიშვილის კითხვაზე, რამდენი წელია რაც მოსახლეობას და ბიზნესს აღნიშნული ფობიები და შიშები დაეწყო, გიორგი კაკურიძის განმარტებით, ამას ეწოდება მოლოდინები და ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც მოხდა ვალუტების მნიშვნელოვანი გაუფასურება დოლართან მიმართებაში, კერძოდ, 2015-2016 წლებიდან.