ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში რეგისტრირებული ყველა მომხმარებლის ანგარიში გაუქმდება.
აღნიშნულს გულისხმობს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შემუშავებული კანონპროექტი, რომლის ავტორიც ფინანსთა სამინისტროა. პროექტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ცვლილებათა მიზეზი არასრულწლოვნების თამაშში ჩართულობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიდგომის შეცვლა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოთამაშეთა ერთიანი რეესტრის შემოღება და თამაშზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნაა.
„არასრულწლოვან პირთა თამაშში ჩართულობისგან დასაცავად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშებში ყველა აქამდე რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში გაუქმდება და სავალდებულო გახდება მათი ხელახალი რეგისტრაცია, შესაბამისი იდენტიფიკაციის შემდეგ“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ამასთან, როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროექტით გათვალისწინებული ზოგიერთი რეგულაცია 2018 წლის 1 იანვრიდან, ზოგი კი 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება.