საარსებო მინიმუმი დღევანდელზე ორჯერ მეტი მაინც უნდა იყოს

რატომ არ იცვლება საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია?

საარსებო მინიმუმი ეს არის ფულადი სახსრების მინიმუმი, რომელიც ადამიანს ქმედუნარიანობის შესანარჩუნებლად სჭირდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2004 წლიდან საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების მიხედვით არის დადგენილი. ფაქტია, რომ საარსებო მინიმუმის ცნება საქართველოში მუდმივი კრიტიკის საგანია.

უმეტესობა მიიჩნევს, რომ ეს მაჩვენებელი რეალობას არ შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. მაგალითად: 2004 წლის დასაწყისში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 82,5 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახისა - 138,4 ლარი. 2010 წელს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 128 ლარს გაუტოლდა, ხოლო საშუალო ოჯახისა - 214,7 ლარი გახდა. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით კი, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 168,8 ლარია, ხოლო საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი - 283,2 ლარი. თუ ამ მაჩვენებელს ევროპის მოწინავე ქვეყნებს შევადარებთ, ჩვენი მდგომარეობა მათთან შედარებით საკმაოდ რთულია, მაგალითად: ლუქსემბურგში მინიმალური შემოსავალი თვეში 1922,96 ევროა, ბელგიასა და ნიდერლანდებში - 1501 ევრო, ირლანდიაში - 1461,85 ევრო, საფრანგეთში - 1457,52 ევრო, რაც შეეხება ჩვენს რეგიონს, აზერბაიჯანში საარსებო მინიმუმი საშუალოდ 133,93 დოლარია, სომხეთში - 94,74 დოლარი, უკრაინაში - 77,24 დოლარი, ხოლო რუსეთში - 98,72 დოლარი. ჩვენთან შედარებით მაღალია საარსებო მინიმუმი ბელორუსშიც - ის საშუალოდ 140,08 დოლარს უტოლდება.

ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ საარსებო მინიმუმის საკითხი საქართველოში ვერა და ვერ გადაწყდა.

"საარსებო მინიმუმის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია მაგონებს ცნობილ ქართულ ფილმს, რომლის გმირიც წამდაუწუმ იხვეწება - „გაიტანეთ გრენლანდია“, მაგრამ სურათი არავის გააქვს. ეკონომისტები უკვე რა ხანია ვიმეორებთ, რომ მისი დათვლის მეთოდოლოგია მოძველებულია, მაგრამ წლები გადის და მდგომარეობა არ იცვლება. ჩვენს პოლიტიკოსებს მისი შეცვლის აუცილებლობა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ, მაგრამ როგორც კი არჩევნები დასრულდება, დადებულ პირობას ყველა ივიწყებს", - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი. 

სოსო არჩვაძის თქმით, საარსებო მინიმუმი დღევანდელზე ორჯერ მეტი მაინც უნდა იყოს.

"თუ დღევანდელი ფასებისა და სიტუაციის მიხედვით დავიანგარიშებთ, საარსებო მინიმუმი 300-350 ლარი მაინც უნდა იყოს. ერთ მარტივ შედარებას მოვიყვან: ჩვენთან სამომხმარებლო ხარჯების 32% სურსათზე მიდის, საფრანგეთში კი - მხოლოდ 7,4% . ჩვენი მოსახლეობა სურსათზე უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე სხვა საჭიროებებზე. ამ მხრივ არა მარტო ევროპის ქვეყნებს, არამედ დსთ-ის ქვეყნებსაც ჩამოვრჩებით. ეს ნაწილობრივ იმის ბრალიცაა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შეცვლას საშველი არ დაადგა", - აცხადებს ექსპერტი.

ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია კი მიიჩნევს, რომ მართალია საარსებო მინიმუმი საქართველოში იზრდება, მაგრამ ეს ინფლაციის გავლენით ხდება.

"განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების დონე მაღალია, საარსებო მინიმუმის ცნება აქტუალური სულაც არ არის, იქ მინიმალური ხელფასის ცნებაა გამოყენებული. გერმანიაში, საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა მოწინავე ქვეყნებში საარსებო მინიმუმს არ ანგარიშობენ, რადგან იქ მინიმალური ხელფასის და საარსებო მინიმუმის ცნებები გაიგივებულია. ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში ასეულობით ევროს და დოლარს უტოლდება. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, აქ საარსებო მინიმუმის ცნება კვლავაც გამოიყენება, რადგან დსთ-ის ქვეყნებში ცხოვრების დონე შედარებით დაბალია. ეს არ არის რეალური საარსებო მინიმუმი, რომელიც ადამიანის მინიმალურ საჭიროებებს უზრუნველყოფს", - აცხადებს ირაკლი მაკალათია.

მისი თქმით, ჩვენი საარსებო მინიმუმის 70% სასურსათო კალათაზე იხარჯება, ხოლო 30% - არასასურსათო კალათაზე.

"ეს იმიტომ ხდება, რომ საარსებო მინიმუმს მოძველებული მეთოდოლოგიით ითვლიან. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შეძენას, კომუნალურ გადასახადებს, კულტურულ ღონისძიებებს ჩვენს ხარჯებში 30% უკავია, რაც საკმაოდ მცირე ხვედრითი წილია. საარსებო მინიმუმს სხვა განვითარებად ქვეყნებშიც ითვლიან, მაგრამ სულ სხვა მეთოდოლოგიით. თანაც, საარსებო მინიმუმი ჩვენთან არანაირ სოციალურ პაკეტთან არ არის მიბმული - არც მინიმალურ ხელფასთან, არც პენსიებთან, არც დახმარებებთან და არც სიღარიბის დონესთან. ეს შემთხვევითი სულაც არ არის, რადგან ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი საარსებო მინიმუმი აუცილებლად გაიზრდება - დაახლოებით, ორჯერ და უფრო მეტადაც. ხელისუფლებაც იძულებული იქნება პენსიები, სოციალური დახმარებები და სხვა სოციალური პაკეტები გაზარდოს. ჩვენი ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მთავრობა ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ არის, ამიტომ არ იცვლება საარსებო მინიმუმის დათვლის მთეოდოლოგია საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

ხათუნა ჩიგოგიძე