2017 წლის 10 თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 6,4 მილიონს გადააჭარბა , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, 2017 წლის იანვარი - ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 6 430 824 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1 016 180-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +18.8%)
მისივე თქმით, მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 10 თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 3 042 907 შეადგინა, რაც 665 327-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +28%).
მისივე ინფორმაციით, 2017 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.8%), სომხეთიდან (+15.8%), რუსეთიდან (+33.3%), თურქეთიდან (-4.1%) და ირანიდან (+122.8%) შედგა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ოქტომბერში გამოირჩეოდნენ - გაერთიანებული სამეფო +40%, ავსტრია +36.8%, ნიდერლანდები +34.6%, საფრანგეთი +30.4% და გერმანია +29.1%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: საუდის არაბეთი +171.5%, ქუვეითი +150.3%, ირანი +122.8%, კორეის რესპუბლიკა +88.1%, უზბეკეთი +75.4%, ინდოეთი +70% და ჩინეთი +56.9%
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბრის თვის მონაცემებით, საქართველოს 607 989 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 80 094-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.2%)-ია.
ჩოგოვაძის განცხადებით, ოქტომბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 259 313 შეადგინა, რაც 43 118-ით მეტია 2016 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე (ზრდა +19.9%).
“2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1 093 280 615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მისივე ინფორმაციით, ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +11.1%-ია.
ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.8% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +5.9%.
“2017 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 653 855 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +38.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, - განაცხადა ჩოგოვაძემ.