"2015-2017 წლებში ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 8 პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი 4 მლნ ევრომდე იყო"

2015-2017 წლების განმავლობაში, ევროკავშირთან და ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის ფარგლებში 8 პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი თითქმის 4 მლნ ევრო იყო , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

ზალკალიანი ევროკავშირს და ევროსაბჭოს თანამშრომლობისთვის მადლობა უხდის.

"პირველი ეტაპი 2015 წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო თანამშრომლობს ამ ორგანიზაციებთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, რაც ჩვენ გვეხმარება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში. ამ პერიოდის განმავლობაში 8 პროექტი განხორციელდა, რომლის ბიუჯეტი თითქმის 4 მლნ ევრო იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ინტენსიურად უახლოვდებოდა იმ სტანდარტებს დემოკარატიული ინსტიტუტების განმტკიცების თვალსაზრისით, რომელსაც ითვალისწინებს ევროპის კავშირი და ევროპის საბჭო. ჩვენ გვაქვს ძალიან ხელშესახები შედეგები ბოლო პერიოდის განმავლობაში, რისი დასტურიც არის საერთაშორისო თანამეგობრობის აღიარება და თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა ღია მმართველობის თავმჯდომარე, ამას მიუთითებს. მსოფლიო თანამეგობრობა, გაერო, ევროკავშირი და ევროსაბჭო აღიარებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების მიმართულებით", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.