2016 წელს 2012 წელთან შედარებით, ეკონომიკურად აქტიურ ქალთა რიცხოვნობა 3%-ით შემცირდა, ხოლო კაცთა რიცხოვნობა თითქმის უცვლელი დარჩა, - ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემების თანახმად, დასაქმებული ქალების და კაცების რიცხოვნობა, ამავე პერიოდში, თითქმის თანაბრად 2%-ით გაიზარდა. 2016 წელს, დასაქმებულთა 47%-ს ქალები, ხოლო 53%-ს კაცები შეადგენდნენ.
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს, ქალებში აქტიურობის ყველაზე მაღალი დონე 45-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება (81%). დასაქმების დონის გაანალიზებისას, აღსანიშნავია, რომ დასაქმების დონე ყველაზე მაღალია (73%) იმავე ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო ყველაზე დაბალი - 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში (18%). რაც შეეხება უმუშევრობის დონეს, ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალ ნიშნულს აღწევს 15-24 წლის ასაკის ქალებში (29%).
2016 წელს, კაცების აქტიურობის დონე მაღალია (94%) 25-34 ასაკობრივ ჯგუფში, ხოლო დასაქმების დონე - 35-44 წლის ასაკობრივ ჯგუფში (80%). ისევე როგორც ქალებში, ასევე 15-24 წლის კაცებშიც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია (31%), ამ ასაკში თითქმის ყოველი მესამე კაცი უმუშევარია.
საქსტატის მონაცემებით, დასაქმებული მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი საშუალო ზოგადი განათლების მქონეა. 2016 წელს დასაქმებულ ქალთა 38%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს საშუალო ზოგადი განათლება ჰქონდა.
მათივე ცნობით, უმუშევარი ქალების რიცხოვნობაში ყველაზე დიდი წილი უმაღლესი განათლების მქონე მოსახლეობას უჭირავს, ხოლო კაცებში საშუალო ზოგადი განათლების მქონეს. 2016 წელს, უმაღლესი განათლება ჰქონდა უმუშევარ ქალთა 47%-ს, ხოლო კაცთა 44%-ს ჰქონდა საშუალო განათლება.