”ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მთავრობამ წარადგინა, არ განსხვავდება პირველი პროექტისგან.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არის დაუბალანსებელი და გამეორებულია ძველი შეცდომები.
„წარმოდგენილი ბიუჯეტი არაფერით განსხავდება იმ ვარიანტისგან, რასაც ვიხილავდით ერთი თვის წინ. ბიუჯეტი 38 მილიონით გაზრდილია. ამბობდნენ, რომ ფული არ არის, მაგრამ გამოძებნეს და ის დაწვრილმანებით გადანაწილდა სხვადასხვა მიმართულებით. ყველამ იცის, რომ პენსია არ მატულობს. ბოლო ორი წლის განმავლობაშიც არ მოუმატია. თუნდაც, რომ ჩაწერონ 10, ან 20 ლარი, ეს მაინც იქნება იმის გარანტია, რომ 2019 წელს მაინც გაიზრდება პენსია. ამასაც კი არ აკეთებენ და როგორც ჩანს, საერთოდ არ აინტერესებთ პენსიების ზრდა და მომავალ არჩევნებამდე დაივიწყეს ხალხი. ეს არის დაუბალანსებელი ბიუჯეტი და იმეორებს იმ შეცდომებს, რაც იყო ლარის გაუფასურების ერთ-ერთი წყარო. ეს ბიუჯეტი, ვერ შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაუმჯობესებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.