რომან კაკულია - არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკაა სოციალურად ორიენტირებული

არა მხოლოდ ბიუჯეტი, არამედ „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკაა სოციალურად ორიენტირებული , - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, მცირე შენიშვნების მიუხედავად, ბიუჯეტის პროექტი არის კარგი.

„როდესაც ვამბობთ, რომ ბიუჯეტის პარამეტრები წესრიგშია, ეს სულ მცირე, ორ რამეს ნიშნავს. პირველი არის ის, რომ რაც არის დაგეგმილი ჩვენს მიერ პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმებისათვის, ბიუჯეტი ამის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. მეორე - ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელთანაც ეფექტური თანამშრომლობის გარეშე ვერ განვახორციელებთ ჩვენს ვალდებულებას, მათგან მწვანე შუქი იქნება ანთებული. ეს ორი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი ბიუჯეტის შეფასების დროს. რა თქმა უნდა, იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც დაიხვეწება. ჩემი მიმართულებით შემიძლია გითხრათ ერთი შენიშვნა, რომელიც მიმართული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტს არ აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამების კონკრეტული ჩაშლა ინდიკატორების დონეზე და არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დადგინდეს კონკრეტულად, რა გაზომვადი შედეგი შეიძლება იქნას მიღწეული ამ მიმართულებით. თუმცა, მთავრობის მიერ მოწოდებული განმარტება მისაღებია“, - განაცხადა რომან კაკულიამ.