საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ თანახმად, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების მიხედვით რეგიონში საუკეთესოა , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2014 – 2016 წლებში სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკის ხარჯზე საქართველომ საგარეო შოკი, საშუალოდ, 3.4 პროცენტამდე ზრდით დაასრულა.
”2013-2016 წლებში საქართველო, თურქეთის შემდეგ, რეგიონის ლიდერი გახდა ეკონომიკური ზრდით, განსხვავებით 2004-2012 წლებისა, როდესაც საქართველოს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, პოზიტიურია ეკონომიკური ზრდის მოლოდინები.
”საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო „მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის“ მიხედვით, 2017-2022 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის პროგნოზების თანახმად, რეგიონში საუკეთესოა. იმავე დოკუმენტის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი სწორედ ჩვენს მიერ გატარებული და დაგეგმილი ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების გამო ექნება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.