"2012 წლიდან ჩვენ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი"

2012 წლიდან ჩვენს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად უკიდურეს სიღარიბეს 500 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საკმაოდ პოზიტიური ტენდენციებისა და მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, მთავრობა კარგად ხედავს გამოწვევებს, რომელთა წინაშეა საქართველო და მისი მოსახლეობა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიღარიბე ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, რადგან 700 ათასი ადამიანი კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება.

„ეს ნიშნავს, რომ ყოველი მეხუთე საქართველოს მოქალაქე ღარიბია. მიუხედავად 3.2 პუნქტიანი შემცირებისა და დამატებით შექმნილი 40 ათასი სამუშაო ადგილისა, ასევე მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი, რომელიც 11.8 პროცენტს შეადგენს და კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„შემოსავლების სტაბილური ზრდისა და ისეთი მაღალი სტანდარტების სოციალური პროგრამების მიუხედავად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვა, ეს შემოსავალი მაინც ვერ უზრუნველყოფს ცხოვრების იმ დონეს, რა დონეზეც ჩვენი მოქალაქეები უნდა ცხოვრობდნენ. ჩვენ ვხედავთ ამ გამოწვევებს, ვიღებთ ამ გამოწვევებს და სწორედ ამიტომ ჩვენი პოლიტიკა არის აქტიური აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.