„ანაკლია სითიმ“ წამყვან კორეულ ლოგისტიკურ კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანია „პანტოს ლოგისტიკთან“ კომპანია „ანაკლია სითიმ“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ავრცელებს.

„ანაკლია სითისთან“ გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, „პანტოს ლოგისტიკის“ წარმომადგენლები საქართველოს ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის პროექტის, ქვეყნისა და რეგიონის შესაძლებლობების შესასწავლად ეწვივნენ.

“არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სხვა კორეული კომპანიებიც მიიჩნევენ, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი ლოგისტიკური პოტენციალი. ჩვენ ჩამოვედით ამ პოტენციალის კიდევ უფრო მეტად შესასწავლად. პროდუქციის ევროპაში გატანის თვალსაზრსით, საჭიროა ლოგისტიკური ცენტრი. ვფიქრობთ, საქართველო ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა ჰა იონგ ლიმ.

„პანტოს ლოგისტიკი“ სამხრეთ კორეული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით მუშაობს. ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით 2500 კომპანიასთან თანამშრომლობს და განსაკუთრებით აქტიურად ევროპასა და აზიას შორის გადაზიდვებშია ჩართული. წარმომადგენლობა მსოფლიოს 349 გლობალურ ქსელთან ურთიერთობს.

„მოხარულნი ვართ, რომ „ანაკლია სითის“ გუნდის ვიზიტის შედეგად, „პანტოს ლოგისტიკი“ დაინტერესდა და რეგიონის და საქართველოს ბაზრის შესასწავლად უკვე მათი წარმომადგენლები ჩამოდიან. ამ კომპანიის შემოსვლა საქართველოში არა მხოლოდ ანაკლიის განვითარებისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ეს ასევე გამოიწვევს დამატებით სხვა კორეულ და საერთაშორისო კომპანიების დაინტერესებას. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ აქტიურ მუშაობას, რომ დავაინტერესოთ მულტინაციონალური კომპანიები საქართველოში რეგიონული წარმომადგენლობების გასახსნელად. უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა მსხვილ ლოგისტიკურ და მწარმოებელ კომპანიებთანაც გავაფორმებთ თანამრშრომლობის ხელშკრულებებს, ჩვენი მიზანია მათ დაიწყონ აქტიურად ჩვენი ქვეყნის და პროექტის პოტენციალის შესწავლა“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

საქართველოსა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესაძლებლობებით „პანტოს ლოგისტიკი“ კორეაში „ანაკლია სითის“ წარმომადგენლების ვიზიტის შემდეგ დაინტერესდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებით, 2017 წლის სექტემბერში ქალაქ ანაკლიის პროექტის გუნდი კორეის რესპუბლიკას სტუმრობდა და კომპანიებთან მოლაპარაკებები გამართა. „ანაკლია სითიმ“ უკვე გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კორეაში ინჩეონის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან.