2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო პროექტს ფინანსთა სამინისტრო პარლამენტს წლის ბოლომდე წარუდგენს. საბოლოო ვარიანტის განხილვისა და დამტკიცებისთვის პარლამენტს დეკემბრის მესამე პარასკევამდე აქვს დრო.

პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი განიხილეს, რომელიც სესიაზე ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა. პირველად პროექტთან შედარებით საბიუჯეტო დეფიციტი 1.6%-დან 1.4%-მდე მცირდება.

საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მლრდ 393 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 95.0 მლნ ლარით.

სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები ბიუჯეტის პროექტის პირველ წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 38.8 მლნ ლარით და განისაზღვრა 12 მლრდ 403 მლნ 300 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 მლრდ 950 მლნ 300 ათას ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1 მლრდ 288 მლნ ლარს.

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა იზრდება 27.6 მლნ ლარით და შეადგენს 9 მლრდ 532 მლნ ლარს, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 1 მლრდ 399 მლნ ლარი; საქონელი და მომსახურება - 1 მლრდ 202 მლნ ლარი; პროცენტი - 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 441.1 მლნ ლარი; გრანტები - 1 მლრდ 303 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 3 მლრდ 412 მლნ ლარი; სხვა ხარჯები - 1 მლრდ 223 მლნ ლარი. 2018 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტით სამინისტროებს შორის ყველაზე მეტ დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და განათლების სამინისტროები მიიღებენ.