აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მთავრობამ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტში 9 რეკომენდაცია გაითვალისწინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში 9 რეკომენდაცია გაითვალისწინა.

როგორც სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის დასკვნაშია ნათქვამი, საბოლოო ვარიანტში იგეგმება დამატებით 5 რეკომენდაციის ასახვა, ხოლო 8 რეკომენდაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და ისინი გათვალისწინებული იქნება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.

დასკვნას ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა „2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი და ბიუჯეტის კანონის პროექტის პირველად ვარიანტზე გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, სამინისტრო ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების დიდ ნაწილს, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. გაცემული რეკომენდაციების შესრულება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საბიუჯეტო პროცესისა და საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის გაუმჯობესების პროცესში.

წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 9 რეკომენდაცია, საბოლოო ვარიანტში იგეგმება დამატებით 5 რეკომენდაციის ასახვა, ხოლო 8 რეკომენდაციაზე მიმდინარეობს მუშაობა და ისინი გათვალისწინებული იქნება საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მიმდინარეობის პროცესში. დოკუმენტში მოცემული რეკომენდაციებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა შემდეგი:

პროექტით, პირველად ვერსიასთან შედარებით 95 მლნ ლარით იზრდება შემოსულობების მოცულობა, საიდანაც 75 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინებით შემოსავლების კომპონენტის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდას;

გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პარამეტრებთან დაკავშირებული რეკომენდაცია და 2018 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარმოდგენისას დოკუმენტს თან დაერთვება დეტალური ინფორმაცია დაშვებებისა და პროგნოზების შორის არსებული სხვაობების შესახებ;

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციის გათვალისწინებაზე ფისკალურ წესებთან დაკავშირებით, რის შედეგადაც ფისკალური წესების მიხედვით დაგეგმვისა და შესრულების ანგარიშგების მიმართულებით განხორციელდება სათანადო ცვლილებები, პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება შემდგომი გასატარებელი ღონისძიებების/ქმედებების განმარტება და საბიუჯეტო დოკუმენტაციაში აღნიშნული ინფორმაციის უფრო სრულყოფილად წარმოდგენა;

მიზანშეწონილია, კანონპროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი მოიცავდეს ინფორმაციას ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებაზე მისამართი რესურსის მიზნობრივი ნიშნულის (საშუალოვადიან პერიოდში 8.0%) გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ, რაც ანგარიშგების ეტაპზე აღნიშნული მაჩვენებლის მონიტორინგის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის;

ფინანსთა სამინისტრო ეთანხმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციას ვალის მართვის სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით და გეგმავს მის დამტკიცებასა და გამოქვეყნებას მიმდინარე წლის ბოლომდე;

გასათვალისწინებელია, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მომხდარმა სავალუტო კურსის ცვლილებამ გავლენა იქონია სახელმწიფო ვალის მოცულობაზე, რის შედეგადაც მან გადააჭარბა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს. თუმცა, ამასთან, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი (მშპ-სთან მიმართებაში) ნარჩუნდება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული 60%-იანი ლიმიტის ფარგლებში. სახელმწიფო ვალის მართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია, მოხდეს არსებული ვალის პორტფელის მდგომარეობის ანალიზი მთავრობის მიერ სახელმწიფო ვალთან მიმართებაში დადგენილ ნებისმიერ ზღვართან და გადაცდომის შემთხვევაში, წარმოდგენილ იქნეს შესაბამისი ახსნა-განმარტება;

მნიშვნელოვანია საინვესტიციო პროექტის განმახორციელებელმა უწყებებმა უზრუნველყონ პროექტის ეფექტიანი მართვა და გამოყოფილი სესხების გეგმური ათვისება, ასევე, აღნიშნული პროექტების მომავალი წლის გეგმის განსაზღვრის პროცესში მხედველობაში მიიღონ მათი მიმდინარე შესრულების მდგომარეობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სესხზე ვალდებულების გადასახადით (commitment fee) გაწეული დამატებითი ხარჯებისა და დროში გაწელილი ან/და დაუსრულებელი პროექტების რაოდენობის ზრდა;

ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, კანონპროექტის მესამე წარდგენას დაემატება სახელმწიფო საწარმოების ფისკალური რისკების ანალიზი. სახელმწიფო საწარმოების ვალდებულებებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია, რომ თუ სახელმწიფო საწარმოს მიერ სესხის აღების მომენტში ცნობილია, რომ ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან, აღნიშნული ვალდებულება თავისი არსით წარმოადგენს სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებას და შესაბამისად, მიზანშეწონილია, ასახული იქნეს სახელწიფო ვალის პორტფელში;

ფინანსთა სამინისტრო ითვალისწინებს მთავრობის სარეზერვო ფონდის მართვასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს და იგეგმება საკანონმდებლო დონეზე ფონდიდან რესურსის გამოყოფის დეტალური წესებისა და პროცედურების გაწერა;

სამინისტროს ინფორმაციით, ბიუჯეტის კანონპროექტის მომზადების პროცესში გაანალიზდა პროგრამების აუთვისებლობის მიზეზები და გათვალისწინებულ იქნა მიმდინარე წლის ათვისების ტენდენციები. მიზანშეწონილია, აღნიშნული პროცესი გაგრძელდეს პროექტის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბებამდე და განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დაბალი ათვისების მქონე იმ პროგრამებს/ქვეპროგრამებს, რომლებზეც ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულია ასიგნებების მოცულობის ზრდა ან იმავე დონეზე შენარჩუნება;

მიზანშეწონილია პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის პროცესის კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, მთავრობას ჰქონდეს გაცხადებული ხედვა პროგრამული ბიუჯეტირების რეფორმის დანერგვასთან დაკავშირებით, რისთვისაც საჭიროა სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც გაწერილი იქნება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობები შესაბამისი ვადებითა და პასუხისმგებელი უწყებებით. ასევე, მიზანშეწონილია, პროგრამული ფორმატით წარმოდგენილი ბიუჯეტი გახდეს კანონის შემადგენელი ნაწილი.

გასათვალისწინებელია, რომ ამ მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებზე ასევე აღნიშნული იქნა 2017 წელს გამოქვეყნებულ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასებაში“.

ფინანსთა სამინისტროს მიერ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციით, შპს „მექანიზატორის“ სასესხო და სალიზინგო ვალდებულებების აღების მომენტში (2011 წელს) უკვე ცნობილი იყო, რომ მისი დაფარვა უნდა მომხდარიყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან”, - ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნა გუშინ პარლამენტში გენერალურმა აუდიტორმა წარადგინა. ფინანსთა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს 2018 წლის ბიუჯეტი წარუდგინა.