საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს აკრიტიკებს და პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების თხოვნით მიმართავს.
როგორც კოვზანაძემ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, კომიტეტს, პარლამენტის წევრებს დროულად არ მიეწოდება ის ექსპერტული დასკვნები თუ მოსაზრებები, რისთვისაც საბიუჯეტო ოფისი არსებობს. მისივე თქმით, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სისტემატიურად არღვევს მის მიერვე შემუშავებულ და ვებ-გვერდზე განთავსებულ ანგარიშგების კალენდარსა და გრაფიკს.
კოვზანაძის აზრით, საბიუჯეტო ოფისის არსებული ფორმით შენარჩუნება, მიზანშეუწონელია.
”მოგეხსენებათ, საბიუჯეტო ოფისის მიზანია აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ანალიზი. მან საკუთარი კვლევებით, შეფასებებით ხელი უნდა შეუწყოს საჯარო ფინანსების მართვაზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას და საჯარო ფინანსების ჯანსაღ და გამჭვირვალე მართვას და ფინანსურ მდგრადობას. საბიუჯეტო ოფისმა პარლამენტის წევრები, კომიტეტები და საზოგადოება მუდმივად უნდა მოამარაგოს საკუთარი დამოუკიდებელი კვლევებით, ანალიზით. მან უნდა შეაფასოს ბიუჯეტის პროექტი, ბიუჯეტის შეფასების მდგომარეობა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ ინიცირებული და მიმდინარე ცალკეული ფისკალური ღონისძიებები, წარმოადგინოს ანალიზი და შეფასებები მაკროეკონომიკურ მდგომარეობასთან, ვალუტის კურსთან დაკავშირებით. რეალურად, საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელობა და სხვა წარმომადგენლები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ესწრებიან პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის სხდომებს და პარლამენტის სესიებს, სადაც საბიუჯეტო, ფისკალური, საგადასახადო, მონეტარული და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განიხილება. იშვიათი გამონაკლისი იყო კომიტეტის გუშინდელი სხდომა. ეს გამოწვეული იყო ჩვენი კრიტიკით, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 16 ოქტომბრის სხდომაზე გაკეთდა. კრიტიკა გამოიწვია კომიტეტის სხდომაზე მიღებულმა დოკუმენტმა. მოგეხსენებათ, პარლამენტმა 1 ოქტომბერს ბიუჯეტის ვერსია მიიღო. ჩვენ შევადგინეთ გრაფიკი, რომლის მიხედვით, ყველა კომიტეტს ჰქონდა შესაძლებლობა განეხილა დოკუმენტი. 16 ოქტომბერს შემაჯამებელ სხდომაზე ბიუჯეტის პროექტი უნდა განგვეხილა და ყველა შენიშვნა და რეკომენდაცია მიგვეღო. 16 ოქტომბერს განხილვის პირველი ეტაპი უნდა დასრულებულიყო. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საბიუჯეტო ოფისის დასკვნა კომიტეტის სხდომამდე 40 წუთით ადრე მიიღო. სხდომა 14:00 საათზე ტარდებოდა და დასკვნა 13:20 საათზე მივიღეთ. 15 კომიტეტიდან 14 კომიტეტს სხდომა ჩატარდა ისე, რომ საბიუჯეტო ოფისის დასკვნა არ იყო. საბედნიეროდ, ჩვენი კომიტეტების თავმჯდომარეების აბსოლუტური უმრავლესობა არის კვალიფიციური. ამიტომ არც ერთ მათ დასკვას ხინჯი არ ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთმა კომიტეტმა საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნით ვერ ისარგებლა. ბუნებრივია, ჩვენი კომიტეტის სხდომაზე იყო კრიტიკა, როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებისგან. ეს პირველად არ ხდება - სისტემატიურად ასე არის”, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი უყურადღებოდ არის დატოვებული, ხოლო არსებული სიტუაცია აზიანებს, ნაკლებად საჯაროსა და გამჭვირვალეს ხდის საბიუჯეტო პროცესს, დისკრედიტაციას უკეთებს თავად საბიუჯეტო ოფისის არსებობას საქართველოს პარლამენტში.
”ასეთი ფორმით ამ სტუქტურის არსებობა მიზანშეუწონელია. ის არის დამოუკიდებელი არა მარტო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისგან, არამედ დამოუკიდებელია პარლამენტისგან. რეფორმა, რომელიც საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით გაკეთდა, შემიძლია შევადარო იმას, რაც უკანასკნელ წლებში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მოხდა, როცა ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობა გაიტანეს, მაგრამ ზედამხედველობის სამსახური შევიტანეთ და დავუბრუნეთ თავის მშობლიურ სტრუქტურას. მსგავსი რამ უნდა მოხდეს საბიუჯეტო ოფისთან დაკავშირებით”, - განაცხადა კოვზანაძემ პარლამენტის სხდომაზე.