აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის გადაწყვეტილებას კვლევების გარეშე ვერავინ მიიღებს, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი ბუნებრივი მტერი, ახალი ბიოლოგია, რომელიც ეკოსისტემაში შეიძლება შემოიყვანო, გარკვეულ რისკებს შეიცავს.
“პირველ რიგში, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩამოყალიბდეს ბიოლაბორატორია, სადაც ჩატარდება სამეცნიერო კვლევები ბუნებრივ მტრებზე, რომლებიც დღეს ცნობილია მსოფლიოში. ბიოლაბორატორიის ჩამოყალიბება არ იქნება დაკავშირებული დიდ ხარჯებთან. სწორედ იქ მოხდება გამოვლენა, რომელი ბიოლოგიური მტერი იქნება უმჯობესი საქართველოს პირობებისთვის, რომ გამოირიცხოს ყველანაირი რისკები. მხოლოდ ამ კვლევის შემდეგ შეიძლება გადაწყდეს, ესა თუ ის ბიოლოგიური მტერი რა რაოდენობით, რა არეალში, როდის შემოვიყვანოთ“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
ხატიაშვილის თქმით, ძნელი სათმელია, რა დროს დასჭირდება კვლევებს, თუმცა ეს რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ოპერატიულად უნდა მოხდეს.
„ჯგუფი უკვე მუშაობს ლაბორატორიის შექმნაზე. მიწერ-მოწერა გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებთან ჩინეთში, ამერიკაში, იაპონიაში და ა.შ., სადაც უკვე არსებობს ასეთი ბიოლოგიური მტერი, მაგრამ ის უნდა იქნას საკარანტინო წესების დაცვით შემოყვანილი, ამიტომ კვლევების გარეშე ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს. მხოლოდ კვლევების და მეცნიერული დასკვნის საფუძველზე, რისკების გათვალისიწნებით, რისკფაქტორების გათვალისწინებით იქნება გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა ხატიაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, აზიური ფაროსანას ბუნებრივ მტრებს შორის არის კრაზანა, სხვა სახეობის ბაღლინჯო და ა.შ., თუმცა ჯერ ნაადრევია საუბარი, რომელი მათგანი იქნება უმჯობესი საქართველოს პირობებისთვის.
შეგახსენებთ, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება. შეიქმნა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელმაც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხი უნდა გამოიკვლიოს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიზიაროს და საქართველოს პირობებს მოარგოს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები აღნიშულ საკითხებზე იმუშავებენ.