ხშირად მოქალაქეებს სურთ მშენებლობის ნებართვის მიღება, თუმცა არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი, რომელ ორგანოს უნდა მიმართონ, რა პროცედურების დაცვით ხორციელდება ნებართვის გაცემა და ა.შ.
მოქალაქეთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ უკანონო მშენებლობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას, რომლის გადახდაც სამართალდამრღვევს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩააყენებს.
საადვოკატო ბიუროს OK&CG-ს ინფორმაციით, მშენებლობა მოიცავს - ახალ მშენებლობას, რეკონსტრუქციას, რემონტს, დემონტაჟს, ლანდშაფტურ მშენებლობას, დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟს/განთავსებას.
მშენებლობის ნებართვის გაცემა მოიცავს რამდენიმე სტადიას, რომელიც დამოკიდებულია იმაზე თუ რომელი კლასის ნაგებობის მშენებლობა უნდა განხორციელდეს.
ბიუროს ცნობით, ზოგადი წესის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურს უნდა მიმართოთ.
ხოლო მე-5 კლასის მშენებლობის ნებართვის მისაღებად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მიმართვაა საჭირო.
მშენებლობის ნებართვის ასაღებად პირველ რიგში უნდა წარადგინოთ განცხადება რათა მოხდეს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება.
განცხადებას თან უნდა დაერთოს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, მათ შორის: მიწის ნაკვეთის ტოპოგრაფიული გეგმა, მიწის ნაკვეთის სიტუაციური გეგმა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონის კვლევის შედეგები, არქეოლოგიური კვლევის შედეგები, მიწის ნაკვეთის საკადასტრო გეგმა, მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა, განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები.
განცხადების მეორე ეტაპზე კი ხდება არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება. ამ პროცედურების გავლისას განცხადებას თან უნდა დაერთოს ისეთი დოკუმენტები როგორიცაა: სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, განმცხადებლის იდენტიფიკაციის დამადასტურებელი საბუთების ასლები, არქიტექტურული პროექტი და სხვა.
მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხორციელდება მშენებლობის ნებართვის გაცემა, ხოლო ასეთი ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, განმცხადებელს უფლება აქვს უარის (აქტის) კანონიერება გაასაჩივროს.