ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლისთვის შეგროვებული 5 მილიონ დოლარზე მეტი გაუჩინარდა

დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიასთან ბრძოლისთვის შეგროვებული 5 მილიონ დოლარზე მეტი, თაღლითობისა და კორუფციის შედეგად გაუჩინარდა.

„ბი-ბი-სის“ ეს ინფორმაცია წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს.

გამოძიების ფარგლებში აუდიტორებმა გაზრდილი ფასებით განხორციელებული შესყიდვები, არარსებული თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდა და ყალბი საბაჟო ანგარიშები აღმოაჩინეს.

ებოლას ეპიდემიამ 2014-2016 წლებში სულ მცირე 10 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეპიდემიასთან ბრძოლისთვის მასშტაბური ჰუმანიტარული აქტივობის ფარგლებში, მილიონობით დოლარი შეგროვდა.

წითელი ჯვრის აუდიტორებმა დაადგინეს, რომ ლიბერიაში 2,7 მილიონი დოლარი გაზრდილი ფასებით განხორციელებული შესყიდვებისა და ფიქტიური თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდის შედეგად გაუჩინარდა.

სიერა-ლეონეში ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომლები ადგილობრივი ბანკების თანამშრომლებს შეუთანხმდნენ და ორ მილიონ დოლარზე მეტი მიითვისეს, ხოლო გვინეაში, სადაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, დაახლოებით მილიონი დოლარი ყალბი საბაჟო ანგარიშების გამო გაქრა.