საუდის არაბეთის მილიარდერი პრინცი ალ-ვალიდ ალ საუდი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი იბრაჰიმ ალ-ასაფდი საუდის არაბეთის სამართალდამცველებმა დააკავეს.
მათთან მიმართებაში გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ იუწყება.
გუშინ, საუდის არაბეთის კორუფციასთან ბრძოლის უზენაესმა კომიტეტმა საუდის არაბეთის 11 პრინცის, ასევე, რამდენიმე ყოფილი და მოქმედი მინისტრის დაკავების სანქცია გასცა. ყველა მათგანი უკვე დაკავებულია. მათ ბრალად კორუფციული გარიგებები ედებათ. კერძოდ, ერთ-ერთ პრინცს ბრალად ედება იარაღის გაყიდვის არაკანონიერი გარიგების დადება, კიდევ ვერთ პრინცს - არარსებული კონტრაქტების დადება, ასევე, ბრალდებებია წაყენებული ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით.
კორუფციასთან ბრძოლის უზენაესი კომიტეტი საუდის არაბეთის მეფის სალმანის ბრძანებით იყო შექმნილი. კომიტეტი უფლებამოსილია ჩაატაროს გამოძიება, გასცეს დაკავების ორდერი და ასევე ქვეყნის დატოვება აუკრძალოს ეჭვმიტანილებს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო.
გარდ ამისა, ალ-ვალიდმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ მთელ თავის ქონებას ქველმოქმედებისთვის გასცემდა. როგორც მაშინ მილიარდერმა პრინცმა განაცხადა, იგი გეგმავდა, რომ მისი ქონება საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეტაპობრივად გადასცემოდა. პირველ რიგში, ალ-ვალიდის თქმით, თანხა ქალთა უფლებებისთვის ბრძოლისთვის უნდა დაეხარჯათ. ასევე მას სურდა, უკურნებელი დაავადებების შესწავლის დაფინანსება, ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა დახმარება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზება.
2015 წლის მონაცემებით, საუდის არაბეთის პრინცის ქონება 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ბოლო მონაცემებით კი, მისი ქონება 17 მილიარდი დოლარია.