ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის Paradise Papers-ის დოკუმენტების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ვლადიმერ პუტინთან, დონალდ ტრამპის სიძის ჯარედ კუშნერის ბიზნეს პარტნიორის მეშვეობით Twitter-ში და Facebook-ში მსხვილ ინვესტიციებს დებდნენ.
ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian იუწყება.
ინვესტიციები დაფინანსებული იყო რუსი ბიზნესმენის იური მილნერის მეშვეობით, რომელიც იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომლის თანამფლობელი ჯარედ კუშნერია.
„ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც კრემლს ეკუთვნის - VTB ბანკმა, 191 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა საინვესტიციო ფონდში DST Global-ში, რომელმაც 2011 წელს ეს თანხები Twitter-ში მსხვილი წილის შესაძენად გამოიყენა“, - ნათქვამია ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმის განცხადებაში.
დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ „გაზპრომის“ შვილობილი კომპანია აფინანსებდა ოფშორულ ფირმას, რომელმაც ინვესტირება მოახდინა მილნერის შვილობილ კომპანიაში. მან თავის მხრივ 1 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო Facebook-ის აქციებში.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსმა ბიზნესმენმა იური მილნერმა 850 ათასი აშშ დოლარი ჩადო სტარტაპში Cadre, რომელიც სპეციალიზირდება უძრავი ქონების სფეროში მსხვილი პროექტების რეალიზებაში. აღსანიშნავია, რომ ეს კომპანია დონალდ ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის მიერ იყო დაარსებული.
გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა, რომელმაც თავის დროზე Panama Papers გაასაჯაროვა, ამჯერად 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვა. ინფორმაცია გაზეთმა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გაუზიარა.
ფაილების უმრავლესობა, რომელიც ამჯერად Paradise Papers-ის სახელით გავრცელდა, უკავშირდება იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვაიდერს, რომლებიც Appleby-ის სახელით ოპერირებდნენ.
დოკუმენტების თანახმად, Appleby-ის მონაცემები 25 ათას ოფშორულ კომპანიას შეიცავს. ასევე ირკვევა, რომ ოფშორებით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Apple და Facebook. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე.
ჟურნალისტურ გამოძიებაზე 67 ქვეყნის 381 ჟურნალისტი და 100-ზე მეტი მედია ორგანიზაცია მუშაობდა.