Paradise Papers - აშშ-ის ვაჭრობის მინისტრს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს

აშშ-ის ვაჭრობის მინისტრ უილბუს როსს, სავარაუდოდ, რუსულ ნავთობქიმიურ ჰოლდინგ „სიბურთან“ საქმიანი ურთიერთობები აქვს.

ამის შესახებ ნათქვამია Paradise Papers-ის მასალებში, რომლებიც გუშინ ჟურნალისტური გამოძიებების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICJI) გაავრცელა. ორგანიზაციამ ბერმუდის კუნძულებზე მდებარე იურიდიული ფირმა Appleby-ს 7 მილიონ დოკუმენტზე მიიღო წვდომა.

ICJI-ის ინფორმაციით, ოფშორული საწარმოების გზით როსი სანაოსნო ფირმა Navigator Holdings-ში ფლობს წილს. ეს კომპანია კი ჰოლდინგ „სიბურთან“ კონტრაქტების შედეგად „მილიონობით დოლარს შოულობს“ (68 მილიონი დოლარი 2014 წლიდან).

„სიბური“ - რუსეთისა და აღმოსავლეთის ევროპის უმსხვილესი რუსული ნავთობქიმიური კომპანიაა. ამ ჰოლდინგის 17%-ს რუსი ბიზნესმენი გენადი ტიმჩენკო ფლობს, რომლის წინააღმდეგაც აშშ-ს უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო სანქციები აქვს დაწესებული.

ამასთან, ვაჭრობის მინისტრის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის დამტკიცებამდე როსს ამის შესახებ კონგრესისთვის არ უცნობებია.

ICJI-ის მტკიცებით, მინისტრს აქვს „ინტერესთა პოტენციური კონფლიქტები“, ვინაიდან ის „აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებში მთავარ როლს თამაშობს“.

გერმანულმა გაზეთმა Süddeutsche Zeitung-მა, რომელმაც თავის დროზე Panama Papers გაასაჯაროვა, ამჯერად 13,4 მილიონი დოკუმენტი მოიპოვა. ინფორმაცია გაზეთმა გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს (ICIJ) გაუზიარა.

ფაილების უმრავლესობა, რომელიც ამჯერად Panama Papers-ის სახელით გავრცელდა, უკავშირდება იურიდიულ ფირმას და კორპორატიული სერვისის პროვაიდერს, რომლებიც Appleby-ის სახელით ოპერირებდნენ.

დოკუმენტების თანახმად, Appleby-ის მონაცემები 25 ათას ოფშორულ კომპანიას შეიცავს. ასევე ირკვევა, რომ ოფშორებით სარგებლობენ ისეთი კომპანიები, როგორებიც არიან Apple და Facebook. დოკუმენტებში ასევე ფიგურირებს დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე 67 ქვეყნის 381 ჟურნალისტი და 100-ზე მეტი მედია ორგანიზაცია მუშაობდა.