გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით ტენდენცია შენარჩუნებულია და ამ მიმართულებებით ცვლილებები არ არის.
ამის შესახებ ირაკლი მექვაბიშვილმა ჟურნალისტებს „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის“ სემინარის დაწყებამდე განუცხადა.
როგორც მექვაბიშვილი ამბობს, ტენდენცია გაუმჯობესებულია პოლიტიკური პარტიების შემომწირველების გამოკითხვასთან დაკავშირებით.
„დღეს გვექნება შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. მსგავსი შეხვედრები წინასაარჩევნო პერიოდშიც გვქონდა, NDI-ის, IRI-ის წარმომადგენლებთან გავიარეთ ჩვენი საქმიანობა. დღეს არის მორიგი სამუშაო შეხვედრა, სადაც გამოვაქვეყნებთ შუალედურ ანგარიშს. განსაკუთრებული არაფერი ხდება. ჩვენი საბოლოო ანგარიში დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გვექნება წარმოდგენილი. ბუნებრივია, ტენდენცია ბოლო პერიოდში ვერ შეიცვლებოდა, ის არის შენარჩუნებული“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
რაც შეეხება პარტიების შემომწირველების გამოკითხვებს, მექვაბიშვილის განცხადებით, „ტენდენცია გაუმჯობესებულია“.
„ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს გამოკითხვა. აბსოლუტურად ყველა საკითხი კონტროლზეა აყვანილი. ამ მომენტში იკითხებიან „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგნელები. ტენდენცია არის იგივე“, - განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან პარტნიორობით საერთაშორისო ორგანიზაციამ „უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარების ინიციტიავა“ „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის“ სემინარი დაიწყო, რომელიც 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებაში მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.