ვეძებ სამუშაოს - რა ხდება საქართველოს დასაქმების ბაზარზე

სიახლე არ არის, რომ ქვეყანაში ბევრი დასაქმების მსურველი გვყავს.

ამის მიზეზად ზოგი სამუშაო ადგილების სიმცირეს ასახელებს, ზოგი პროფესიონალების ნაკლებობას, ზოგი ნეპოტიზმსა და ზოგიც კიდევ რას. გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ უმუშევრობის პრობლემის დაძლევაში. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს, თუ სწორად ვიმოქმედებთ.

ქეთი ხარატიანი, სოციოლოგი, "გამოყენებითი კვლევების კომპანიის" დამფუძნებელი, მკვლევარი: - საქართველოში უმუშევრობის დონე (2016 წლის მონაცემებით) 11.8%-ს შეადგენს, თუმცა, დასაქმებულთა შორის დაახლოებით 50% თვითდასაქმებულია სოფლის მეურნეობაში, ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში ძალიან მცირეა, ამ სექტორში დასაქმებულთა ეკონომიკური მდგომარეობა/შემოსავლები მცირეა და, როგორც წესი, ისინი თავს დასაქმებულად არც თვლიან.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, სოფლის მეურნეობის შემდეგ ყველაზე მეტი დასაქმებულია ვაჭრობის სფეროში, მესამე ადგილას არის განათლების სექტორი, მეოთხეზე კი, საჯარო სამსახური.

მოსაზრება, რომ ბევრ მოქალაქეს აქვს პროფესია, შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს, თუ გადავხედავთ სხვადასხვა კვლევის შედეგებს. 25 წელზე უფროს შრომისუნარიანი მოსახლეობის 42%-ს არა აქვს პროფესია (2015 წლის მონაცემებით), 25 წელზე უფროსი ასაკის უმუშევართა თითქმის ნახევარს არ უმუშავია ერთ წელზე მეტ ხანს, ხოლო 25%-ს არასოდეს უმუშავია. საკმაოდ მაღალია ე.წ."სტრუქტურული უმუშევრობა, რაც ნიშნავს, რომ განათლების სისტემა ვერ ამზადებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად (შესაბამისი პროფესიებისა და ცოდნის მქონე) კადრებს.

სტრუქტურული უმუშევრობის გამოვლინებაა, რომ დამსაქმებლები ხშირად ჩივიან, გვიჭირს საჭირო კვალიფიკაციის კადრის მოძებნაო. 2017 წელს ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც მონაწილეობა მიიღო 100-მდე დამსაქმებელმა, იმ დამსაქმებლების 80%-ს, ვისაც ჰქონდა ვაკანსია გასული წლის განმავლობაში, გაუჭირდა საჭირო კადრის მოძებნა.

დამსაქმებლების აზრით, ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია კადრს ჰქონდეს სხვა ბევრი უნარი, მაგალითად, ისეთი უნარები და ცოდნა, როგორიცაა უცხო ენის ცოდნა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, თვითპრეზენტაციის უნარი, კომუნიკაციის უნარი, გუნდში მუშაობის უნარი და ა.შ.

თავად უმაღლესი განათლების დაწესებულებების კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილის აზრით, საუნივერსიტეტო განათლება არ აძლევთ მათ საკმარის ცოდნას, რათა შეძლონ სამუშაოს დაწყება. ისინი უფრო მეტად პრაქტიკული ცოდნის უქონლობაზე მიანიშნებენ. მით უფრო, რომ დამსაქმებლები ვაკანსიების გამოცხადებისას აუცილებელ პირობად რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილებას ითხოვენ.

სამუშაოს ძებნისთვის დამაბრკოლებელ ფაქტორად მიმაჩნია ის, რომ გავრცელებული მოსაზრებით, დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტების ქონა (ახალგაზრდების ჯგუფის მესამედის აზრით, იმისთვის, რომ სამსახური იშოვო, ნაცნობი უნდა გყავდეს). ასეთი განწყობა ამცირებს დაუსაქმებლის აქტიურობას.

მოქალაქეები დიდ პასუხისმგებლობას აკისრებენ სახელმწიფოს დასაქმების საქმეში. დაუსაქმებელი მოქალაქეების დიდი ნაწილი (ჩვენი კვლევით 69%) თვლის, რომ დამსაქმებლებსა და სამუშაო ძალას შორის შუამავლის როლი სახელმწიფომ უნდა იკისროს.

იმისათვის, რომ ადამიანის დასაქმების შანსი გაიზარდოს, აუცილებელია განათლებას, როგორც ცხოვრების განმავლობაში განგრძობად პროცესს, ისე შევხედოთ. ერთხელ მიღებული განათლება და მით უმეტეს, თუ ის არ შეესაბამება შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, არ არის საკმარისი.

შრომის ბაზარზე მუდმივად ჩნდება ახალ კვალიფიკაციებზე მოთხოვნა, ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ 40 წლის ასაკშიც და 50 წლის ასაკშიც შეიძლება ახალი პროფესიის შეძენა. სახელმწიფოს როლი სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ მოქალაქეებს მისცეს შესაძლებლობა, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეეძლოთ ახალი პროფესიის შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება.

საინტერესო შემოთავაზებები აქვთ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებს, თუმცა, ერთი მხრივ, პროფესიული განათლების შესახებ მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობისა და მეორე მხრივ, პროფესიული განათლების არაპრესტიჟულობის გამო, ჯერ კიდევ დაბალია მოთხოვნა პროფესიული სასწავლებლების მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე.

ბეჟან ლორთქიფანიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

- დღეის მდგომარეობით 98 ათასი სამუშაოს მაძიებელი გვყავს რეგისტრირებული. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ სამუშაო, მაგრამ არ აკმაყოფილებდეთ ან ხელფასი, ან კარიერული წინსვლის პერსპექტივას ვერ ხედავენ...

- სულ რამდენი მოქალაქე დაასაქმეთ?

- 2013 წლიდან დღემდე 2 700 კაცი. მხოლოდ წელს -1260.

- რომელი პროფესიებია უფრო მოთხოვნადი?

- საბანკო სფეროში - სესხის ოფიცრის, განვადების ოფიცრის ვაკანსიები; სავაჭრო სფეროში - კონსულტანტები, ქოლცენტრის ოპერატორები. ამას გარდა, მზარეულის დამხმარეები, მზარეული, კულინარი და ასე შემდეგ.

არსებობს სამუშაოს მაძიებელთა ისეთი კატეგორია, რომელიც დაწუნების შემდეგ კვლავ ავსებს განაცხადს და ისევ გადის გასაუბრებაზე, მაგრამ თვითპრეზენტაცია უჭირს. ჩვენ გვაქვს სერვისი, სადაც ვასწავლით CV-ის შედგენას, როგორ უნდა დაწეროს სამოტივაციო წერილი, როგორ მოიქცეს გასაუბრებაზე, როგორი გარეგნული სახით წარდგეს, რა კითხვები დასვას. ასევე ვასწავლით, როგორ ეძიოს დამოუკიდებლად სამუშაო. ჩვენი მომსახურება უფასოა.

ჩვენი მთავარი პირობაა, რომ სამუშაოს მაძიებელი და დამსაქმებელი ჩვენთან იყვნენ დარეგისტრირებული. მათ 2 რეჟიმით ვემსახურებით. სისტემა ავტომატურ რეჟიმში მის CV-ის დაამუშავებს და როგორც კი მისი მონაცემები დაემთხვევა დამსაქმებლის მიერ მოწოდებული ვაკანსიის მოთხოვნებს, სისტემა ავტომატურ რეჟიმში დააკავშირებს მათ ერთმანეთთან. მეორე სახის მომსახურებაში უშუალოდ ჩვენ ვერთვებით საქმეში. ამ შემთხვევაში ორივე მხარე ჩვენ მოგვმართავს. თუ, ვთქვათ, კონკრეტული სამუშაოს მაძიებელს არ აღმოაჩნდა საჭირო უნარები, ვერ ესადაგება დამსაქმებლის მოთხოვნას, მაშინ ვთავაზობთ პროფესიული მომზადების კურსებს. რაც უნდა მაღალი დონის პროფესიონალი იყო, უნარ-ჩვევები განახლებას მოითხოვს, რის საშუალებასაც ჩვენი სერვისი აძლევს, რათა სამუშაოს მაძიებელი გახდეს კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. პერიოდულად ვატარებთ კვლევებსაც, რათა გავარკვიოთ, რა პროფესიებია მოთხოვნადი მოცემულ მომენტში შრომის ბაზარზე, რა სჭირდება დამსაქმებელს. ამის მიხედვით დავუკვეთთ სასწავლო დაწესებულებებს, რომ შექმნან მოკლევადიანი პროგრამები მოთხოვნად პროფესიებში, სადაც წარვადგენთ სამუშაოს მაძიებელს, რომელსაც გადამზადების სურვილი აქვს. გადავამზადებთ და დამსაქმებელს მომზადებულ კადრს შევთავაზებთ. ესეც უფასოა.

მომზადება-გადამზადების პროცესში გვაქვს მეორე კომპონენტი - სტაჟირება, ანუ სამუშაო გარემოში მომზადება. დამსაქმებელს, რომელსაც აქვს ვაკანსია, მაგრამ შესაფერის კადრს ვერ პოულობს, ჩვენ ვურჩევთ სამუშაოს მაძიებელს და ვეუბნებით: აიყვანეთ, ამუშავეთ, ასწავლეთ, საჭირო კადრი გამოზარდეთ. სწავლის პერიოდში სამუშაოს მაძიებელს ყოველთვიურ სტიპენდიას გადავუხდით. სტაჟირება 1-დან 3 თვემდე გრძელდება და სტიპენდიის ოდენობა თვეში 150 ლარია.

- არის ალბათობა, რომ დამსაქმებელმა სამუშაოს მაძიებელი ამუშაოს, სანამ თქვენ სტიპენდიას უხდით, და ხელფასის გადახდის დრო რომ დადგება, დაიწუნოს?

- პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ სტაჟირების პროცესში გამოზრდილ კადრებს კომპანიები ნაკლებად ელევიან. გარდა ამისა, ჩვენი პროგრამაც ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ მინიმუმ 1 სტაჟიორი მაინც დაასაქმოს.

- ძირითადად, რომელი ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები საქმდებიან თქვენი დახმარებით?

- ცოტა პრობლემურია ახალგაზრდების დასაქმება. მათ შეიძლება თეორიული ცოდნა აქვთ, მაგრამ არა აქვთ გამოცდილება.

- რომელ ასაკშია უფრო სასურველი ახალი პროფესიის შეძენა?

- ჩვენთვის ასაკობრივი ზღვარი არ არსებობს. 16 წლიდან ზემოთ ყველას ვემსახურებით. სამუშაოს მაძიებელს შეუძლია დარეგისტრირდეს worknet.gov.ge-ზე.

უმუშევრობა არ წარმოადგენს დაუძლეველ პრობლემას, მთავარია, სწორი მიმართულებით მივყვეთ ცვლილებებს. არასდროს არ არის გვიან, რომ უკეთესობისაკენ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 6 ნოემბრის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად