აკაკი ზოიძე - მედიკამენტების ხარისხი არასაკმარისად კონტროლდება

ქვეყანაში ფარმაცევტული ბაზრის შემოწმებისთვის რეგულირების სააგენტოს წელიწადში 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

როგორც წამყვანის შეკითხვის - რამდენად კონტროლდება მედიკამენტების ხარისხი ბაზარზე, პასუხად ზოიძემ განმარტა, რეგულირების სააგენტოსთვის ამ მხრივ გამოყოფილი თანხა ძალიან მცირეა. შესაბამისად, მედიკამენტების ხარისხი ბაზარზე არასაკმარისად კონტროლდება.

„მოკლედ გიპასუხებთ – არასაკმარისად კონტროლდება. თუ პრეპარატი ევროგაერთიანებაშია დარეგისტრირებული, ეს ნიშნავს, რომ ხარისხიანია. იქ თუ ცირკულირებს, ამდენად ჩვენც ვაღიარებთ, რომ დამატებით თანხა არ დავხარჯოთ. მართლაც უზარმაზარი რესურსები სჭირდება იმისთვის, რომ თითოეული პრეპარატის ხარისხი ამოწმო. მხოლოდ მედიკამენტის ხარისხზე არ არის საუბარი, იქ არის ბიოაქტიურობის საკითხი და ბევრი სხვა რამ, რამდენად ადეკვატური რაოდენობაა ნივთიერების მასში და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენ კონტროლს ვაწარმოებთ, როდესაც მედიკამენტის შემოტანა ან აღიარება ხდება, მაგრამ შემდეგ როგორი მედიკამენტი ცირკულირებს ქსელში, პირველი ნიმუშების შემოტანის შემდეგ, ამის მხოლოდ ლიმიტირებული კონტროლი ხდება. წელიწადში 170 ათას ლარად, რომელიც აქვს რეგულირების სააგენტოს ამ პროგრამაზე, ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეიძლება“, - განაცხადა ზოიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხით ხდება ქსელიდან არჩევითად წამლების ამოღება და შემოწმება. „წლებია ჩვენ კიდევ ლაბორატორიის პრობლემაც გვქონდა. უცხოურ ლაბორატორიებს კი ასე მცირე ტენდერებში მონაწილეობა არ უღირთ, როდესაც სამინისტრო ტენდერს აცხადებს. რამდენადაც ვიცი, სამინისტრო მუშობდა ამ თემაზე და მათ ვკითხოთ, დაასრულეს თუ არა მუშაობა ლაბორატორიაზე“, – აღნიშნა ზოიძემ.