პარტიების მიერ ორ თვეში ჯამურად განხორციელებულია 16 861 130 ლარის ხარჯი, აქედან 11 651 146 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ გაიღო

პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჯამურად განხორციელებულია 16 861 130 ლარის ხარჯი, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ყველაზე დიდი ხარჯი, 11 651 146 ლარი „ქართული ოცნება დემოკრატიულმა საქართველომ“ გაიღო. 929 584 ლარი – „ევროპულმა საქართველომ“, ხოლო 735 090 ლარი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

რაც შეეხება სხვა პარტიებს, როგორც ანგარიშიდან ირკვევა, „პატრიოტთა ალიანსის“ ხარჯი 797 022 ლარი იყო, „ახალი ქრისტიან დემოკრატების“ – 397,327 ლარი; „სახელმწიფო ხალხისთვის“ 336 893 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ – 246 891 ლარი, ხოლო „ზვიად გამსახურდიას გზა“ – 394 040 ლარი.

რაც შეეხება შემოწირულობებს, ამავე ანგარიშიდან ირკვევა, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ 22 აგვისტოდან 21 ოქტომბრის პერიოდში, ჯამში მიღებულია 18 167 797 ლარის შემოსავალი. კერძოდ, „ქართული ოცნება“ – 9 855 337 ლარი, „ევროპული საქართველო“ 1 463 358 ლარი; „ნაციონალური მოძრაობა“ 1 283 754 ლარი, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ 675 555 ლარი, „სახელმწიფო ხალხისთვის“ 431 693 ლარი, „ახალი ქრისტიან დემოკრატები“ 399 594 ლარი, „ზვიად გამსახურდიას გზა“ 402 002 ლარი.

აუდიტის სამსახურმა მეორე შუალედური ანგარიში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

„მთლიანად, საარჩევნო პერიოდში 18 მილიონი ლარის შემოწირულობაა მიღებული, ხარჯი 17 მილიონი ლარია. პრობლემური საკითხია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 12–ჯერ მეტი შემოწირულობა მიიღო, ვიდრე ყველა პარტიამ ჯამურად. ასევე, 22 პირზე მიმდინარეობს კვლევა, რადგან მათი პირადი შემოსავალი იმაზე ნაკლებია, ვიდრე პარტიას შესწირეს. კითხვის ნიშნები დასმულია 5 პარტიის შემომწირველებზე. რაც შეეხება სხვა ხარვეზებს, კანონმდებლობაში და მეთოდოლოგიაშია ნაკლოვანებები. აუდიტის სამსახურთან შენიშვნები არ გვაქვს, მაგრამ კანონმდებლობასთან გვაქვს. ცვლილებების პროექტი უკვე შემუშავებულია და მიმდინარეობს განხილვა პარლამენტში. რაც შეეხება მეთოდოლოგიას, საინიციატივო ჯგუფებთან მიმართებაში არის ცვლილებები განსახორციელებელი, რადგან პოლიტიკური პარტიები განაგრძობენ საქმიანობას და მათი დაჯარიმება ან რაიმე სანქცია გონივრულია, ხოლო საინიციატივო ჯგუფები წყვეტენ საქმიანობას და რთულია მათთვის ჯარიმის ან სანქციის დაკისრება. მესამე პერიოდის ანგარიშები არც ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ წარმოადგინა, ვინაიდან მათთვის არჩევნები დასრულებულია, არადა ეს კანონის დარღვევაა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

აუდიტის სამსახური ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო ანგარიშს ორი თვის განმავლობაში წარმოადგენს.