"ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაეხსნა, დარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ჩვენნაირი ჰქონდა"

პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ვისაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გაეხსნა, დარღვევების სტატისტიკა დაახლოებით ჩვენნაირი ჰქონდა , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა განუცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოს იმ მოქალაქეების სტატისტიკა, ვინც ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის ვადები დაარღვიეს, სასიამოვნო არ არის, თუმცა არც ძალიან საგანგაშოა.

„სტატისტიკა სასიამოვნო არ არის, თუმცა არც ძალიან საგანგაშოა. პრაქტიკულად ყველა ქვეყანას, ვისაც უვიზო რეჟიმი გაეხსნა ევროკავშირთან, დაახლოებით ანალოგიური სტატისტიკა ჰქონდა და უფრო ცუდიც. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდისთვის იმ საფრთხეების ხაზგასმით, რაც შეიძლება მოჰყვეს ზოგადად უვიზო რეჟიმის წესების დარღვევას. საჭიროა ხალხს ავუხსნათ, რომ იგივე თავშესაფრის მოთხოვნა მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი ქვეყნის მიერ საქართველო აღიარებულია უსაფრთხო სახელმწიფოდ, პრაქტიკულად უაზრობაა. პრაქტიკულად 100% შემთხვევებში ტყუილად ხდება თავშესაფრის მოთხოვნა, ყოველგვარის საფუძვლის და შედეგის გარეშე და უბრალოდ იზრდება არასასურველი სტატისტიკა“, - განაცხადა ყარაულაშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ასევე, პრობლემას წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაული, თუმცა ქართული მხრიდან აქტიური რეაგირება ხდება.

„შს სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თავის კოლეგებთან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. შესაბამისად, საფრთხე იმისა, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმს რაღაც დაემუქროს ამის გამო, დღეისათვის არ არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია, როდესაც შენი მოქალაქეები დანაშაულს ჩადიან სხვა ქვეყანაში. თუმცა ვიმეორებ, ამის პრევენციის მიზნით გადადგმული ნაბიჯები და შემდგომი რეაგირებაც ჩვენი მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატურია“, - დასძინა არჩილ ყარაულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9 875-მა მოქალაქემ დაარღვია.