სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი არ გამორიცხავს, რომ აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონშიც გავრცელდეს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მავნებელი მწერი ზამთარში იმალება, სამინისტრო მასთან ბრძოლისთვის ყველა ღონისძიების გატარებას გააგრძელებს.
"საშიშროება, რა თქმა უნდა, არსებობს. როგორ შეიძლება, რომ მწერს რაღაც შეზღუდვები დავუწესოთ, ცაში სად გაფრინდეს და სად არა. ამის რისკები არსებობს, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ ფაროსანასთან ბრძოლის მიმართულება სამ ნაწილად დავყავით. ერთი - როგორ მოვიქცეთ მაშინ, როდესაც ფაროსანა შენობაშია შესული, მეორე - რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც ფაროსანა საკარმიდამო ნაკვეთებშია და მესამე, როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ფაროსანა თხილნარშია. ამიტომ სამივე მიმართულებით აქტიური ღინისძიებები მიმდინარეობს. სეზონზე ფაროსანა აქტიური განაყოფიერების პერიოდში 400-450 კვერცხს დებს, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მექანიკური განადგურება", - განაცხადა ასათიანმა.
ამასთან, რევაზ ასათიანის თქმით, მავნებელთან ბრძოლისთვის რეგიონებსა და თბილისში სპეციალური ხაფანგია დამონტაჟებული, თუმცა რა შედეგია ამ დროისთვის, ასათიანის თქმით, ეს მონიტორინგის შედეგების გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი.
"მავნებელი მწერი რეგიონებში ბინადრობს და იქ დიდი ხანია, რაც ხაფანგები დაიდგა. ასევე ხაფანგები განთავსდა თბილისშიც. რაც შეეხება შედეგებს, მასზე სპეციალური სამსახური მუშაობს. სერიოზული საკითხი გახლავთ ის, რომ შედეგებზე მონიტორინგი ჩავატაროთ და შესაბამისი შეფასება დავდოთ, თუ რა შედეგი გამოიღო ყველა ამ ღონისძიებამ. ამაზე სურსათის უვნებლობის სამსახური მუშაობს და შედეგებს ალბათ, სააგენტო დადებს", - განაცხადა ასათიანმა.