თბილისის არჩეული მერი კახა კალაძე ახალგაზრდებს თხოვნით მიმართავს, მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვაში მონაწილეობა მიიღონ.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოხატვა მიწისქვეშა გადასასვლელებს გაალამაზებს.
„მინდა მივმართო ახალგაზრდებს. მინდა გამოვიყენოთ მათი ნიჭი. ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და ალბათ, შევიმუშავებთ კონკრეტულ გეგმას, რომელიც მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვას ეხება. ერთადერთი, რაც ალამაზებს მიწისქვეშა გადასასვლელებში დღეს არსებულ სიტუაციას, ეს არის სწორედ ახალგაზრდების მიერ მოხატვა. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, როდესაც სრული სურათი გვექნება მიწისქვეშა გადასასვლელებზე, ახალგაზრდებს შევთავაზებთ კონკრეტულ ადგილებს, სადაც უნდა განხორციელდეს მოხატვითი სამუშაოები. ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა ჩვენი ქალაქის დასუფთავებაში, მოვლაში, მოწესრიგებაში“, - განაცხადა კალაძემ.
დღესვე თბილისის არჩეულმა მერმა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას დაავალა, მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავება და მათი განათებით აღჭურვა დღესვე დაიწყოს.