Volvo Ocean Race - წლის ყველაზე ექსტრემალური ტურნირი და ქართული „ფაზისი“

ესპანეთის სამხრეთით, კოსტა ბლანკას სანაპიროზე მდებარე ქალაქ ალიკანტეში უკვე მეოთხე წელია ოქტომბრის მიწურულს საყოველთაო დღესასწაულია.

საპორტო ქალაქის მცხოვრებლებისა და ათი ათასობით ტურისტის მზერა ქალაქის ერთი ადგილისკენ არის მიპყრობილი, იქ სადაც Volvo Ocean Race-ის ოფიციალური სოფელია გახსნილი.

ალიკანტე წელს მეოთხედ მასპინძლობს წლის ყველაზე ურთულეს შეჯიბრს - 2017-2018 წლის სეზონის რეგატას, რომელიც Volvo Ocean Race-ის სახელით არის ცნობილი.

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური, შთამბეჭდავი და ურთულესი დაპირისპირება, რომელიც ოლიმპიურ თამაშებსა და ფეხბურთში ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატს უტოლდება. რეგატის სტარტი და სოფელში შექმნილი უჩვეულო გარემო არავის ტოვებს გულგრილს და სპეციალურად ამ დღისთვის სტარტის მასპინძელ ქალაქში უამრავი ტურისტი ჩამოდის“, - გვებნება ალიკანტეში ჩასულ ჟურნალისტებს ღონისძიების ერთ-ერთი გიდი.

bpn

რბოლის სოფელში მისული მართლაც აღმოაჩენთ, რომ სრულიად უჩვეულო გარემოში მოხვდით და თუ თქვენთვის აქამდე იახტა მხოლოდ ფუფუნებასთან, კომფორტსა და გართობასთან ასოცირდებოდა, ეს მითი მაშინვე იმსხვრევა. შეჯიბრის მონაწილეები არც მეტი, არც ნაკლები 9 თვის განმავლობაში იმყოფებიან ოკეანეში და გამარჯვებისთვის სიცოცხლის რისკის ფასადაც კი იბრძვიან.

წლევანდელი რბოლა 2018 წლის ივნისში ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში დასრულდება. მანამდე კი ტურნირის მონაწილეებმა 259 დღის განმავლობაში 45 000 საზღვაო მილი (83 000 კილომეტრი) სიგრძის მარშრუტი უნდა დაფარონ და ექვსი კონტინენტის 12 მსხვილ ქალაქში გაჩერდნენ. წლევანდელი სეზონის რეგატაში სულ 7 გუნდის 89 წევრი მონაწილეობს, საიდანაც 16 ქალია. ტურნირის ახალი წესებით, თითოეულ იახტაზე სულ მცირე ერთი ქალი მაინც უნდა იყოს.

რეგატის გამარჯვებული გახდება გუნდი, რომელიც საბოლოოდ ქულათა მაქსიმუმს დააგროვებს ტურნირის ყველა ეტაპიდან.

„ფაზისი“ - რბოლის მონაწილე ქართული იახტა

მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივ და ექსპტერამლურ რბოლას 44-წლიანი ისტორია აქვს. პირველი რეგატა 1973 წელს ინგლისის ქალაქ პორტსმუთში გაიმართა Whitbread Round the World Race-ის სახელით. 

bpn

1988 წელს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდში, რეგატის 1989-90 წლების სეზონის დაწყებამდე 10 თვით ადრე მოსკოვმა უარი თქვა დაეფინანსებინა იახტის მშენებლობის პროექტი, რომელიც რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას. შედეგად უკრაინელი იახტსმენების მონდომებითა და ქართველების დახმარებით ფოთში დაიწყო იახტის მშენებლობა, რომელსაც „ფაზისი“ ეწოდა. გავრცელებული ცნობებით, იახტის მშენებლობაზე თანხები ქართველმა მეწარმემ გამოყო.

რბოლამდე 10 თვე იყო დარჩენილი და თითქმის არავის სჯეროდა, რომ იახტის მშენებლობა და მისი ინგლისში ჩასვლა მოესწრებოდა. თუმცა, „ფაზისი“ 1989-90 წლების სეზონისთვის მზად იყო. მოგვიანებით, იახტის თანაკაპიტანმა, ლეგენდარულმა იახტსმენმა, ამერიკელმა სკიპ ნოვაკმა გაიხსენა, რომ დაუჯერებელი ირწმუნა, როცა საამქროში მისულმა გაიცნო ახალგაზრდა ქართველი ბიჭები, რომლებიც იახტის მშენებლობაზე მუშაობდნენ. 

„ამ ბიჭებს რომ შევხედე, რატომღაც მივხვდი, რომ ისინი შეუძლებელს შეძლებდნენ, თუ ჩვენც გვერდში დავუდგებოდით“, - იხსენებდა სკიპ ნოვაკი.

„ფაზისი“ დიდი ბრიტანეთში „ანტონოვ 124“-ით ჩაიტანეს, რომელიც იმ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე დიდი სატრანსპორტო ავიახომალდი იყო. 23 გუნდს შორის „ფაზისმა“ მე-11 ადგილი დაიკავა. 

Volvo Ocean Race და სოციალური პასუხისმგებლობა 

„1969 წლიდან მყვინთავი ვარ და რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები თევზი და მეტი პლასტიკური მასალა მხვდება წყალში“, - განაცხადა პოლ როუზმა ალიკანეტში, Volvo Ocean Race-ის პარალელურად გამართული კონფერენციის წამყვანმა. 

bpn

წლევანდელი რეგატის მთავარი გზავნილი სწორედ ოკეანეების პლასტიკატით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაა. ამ პროგრამის ფარგლებში წლევანდელ რეგატაში მონაწილე ყველა იახტა აღუჭვილია სპეციალური სენსორული მოწყობილობით, რომელიც შეაგროვებს მონაცემებს წყლისა და ჰაერის ტემპერატურის შესახებ, ქარისა და დინების სიჩქარეებზე, წყლის მარილიანობისა და მასში გაჟღენთილი ნახშირორჟანგის რაოდენობას. ასევე მოწყობილობა შეაგროვებს პლასტიკის რაოდენობის შესახებ მონაცემებს. ყოველივე ეს მეცნიერებს საშუალებას მისცემს უფრო მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ ოკეანეში დაბინძურების შესახებ და საჭირო ნაბიჯები იქნას გადადგმული.

მეცნიერთა გამოთვლებით, დღესდღეობით ოკეანეებში სულ მცირე 51 ტრილიონი მიკროპლასტიკის ნაწილაკია. ყოველწლიურად კი ოკეანეებში 8 მილიონი ტონა პლასტიკა ხვდება.

„ჩვენი ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეკოლოგიის ხელშეწყობის პროპაგანდას წარმოადგენს და წყლის დაბინძურების საწინააღმდეგო სახეს ატარებს. სოციალური პასუხისმგებლობის ელემენტების გარეშე არც ერთ ჩვენს აქტივობას აზრი არ აქვს. ჩვენი ბრენდი აერთიანებს საუკეთესო პროფესიონალებს, ტექნიკას და პასუხისმგებლობას, რომელიც სამყაროს წინაშე გვაქვს. ჩვენი მიზანია ვიყოთ მაგალითი ნებისმიერი ეკოლოგიური თუ ტექნიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აცხადებს ტომას ბიტერი Volvo CE-ის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. 

Volvo CE – „ვოლვოს“ მძიმე ტექნიკის ოპერატორთა ტურნირი

Volvo Ocean Race-ის სტარტის პარალელურად, ალიკანტემ წელს „ვოლვოს“ სპეცტექნიკის (Volvo CE) ოპერატორთა კლუბის ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლა. ფინალში ქართველმა ოპერატორმა ბესიკ კალანდაძემ 16 ქვეყნის 30 მონაწილეს შორის მე-8 ადგილი დაიკავა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ევროპის საგზაო-სამშენებლო მძიმე ტექნიკის საუკეთესო ოპერატორები ექსკავატორებით მანევრირებასა და ზუსტ მართვაში ეჯიბრებიან. ფინალში მონაწილეობენ ოპერატორები, რომლებმაც თავიანთი ქვეყნების ოპერატორთა კლუბის ტურნირში გაიმარჯვეს. Volvo CE-ის ოპერატორთა კლუბის ფინალში საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი ორი მონაწილით: საქართველოს სპეცტექნიკის ოპერატორთა კლუბის ჩემპიონით - გურამ ადიკაშვილით და ვიცე-ჩემპიონით ბესიკ კალანდაძით.

საქართველოში სპეცტექნიკის ოპერატორთა კლუბის შეჯიბრი კომპანია "ელიტ მოტორსის" თაოსნობით იმართება.

"ოპერატორების კლუბი იდეა გახლავთ სფეროს განვითარება საქართველოში , კონკრეტულად ოპერატორების სფეროს, რომლის სიმცირესაც საქართველო წლებია განიცდის იმის მიუხედავად, რომ ამ სფეროში მაღალი ანაზღაურება და მზარდი მოთხოვნაა, - განაცხადა "ელიტ მოტორსის" გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა თეიმურაზ მახვილაძემ.

სამშენებლო ტექნიკის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია "ელიტ მოტორსი" კომპანიებს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის ინოვაციურ სპეცტექნიკას სთავაზობს. "ელიტ მოტორსი" საქართველოში ისეთი ცნობილი ბრენდების ოფიციალური დილერია, როგორებიც შვედური Volvo Construction Equipment-ი, Atlas Copco, იტალიური BM Crusher Italy, Mosa, Liebherr და გერმანული Wacker Neuson არიან.

მარი ჯავახიშვილი