სოსო ფხაკაძე საპენსიო ფონდის თანხებზე - ძირითადად თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით

თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში.

ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დაგროვებითი საპენსიო რეფორმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ბიზნესასოციაციაში შეხვედრა გაიმართა.

"ეს არის უკვე მესამე მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში საპენსიო რეფორმა განხორციელდეს. პირველი იყო 90-იან წლებში, მეორე მცდელობა იყო 2011 წელს და მესამე - ახლაა. ვფიქრობ, ეს არის რეფორმა, რომელიც მომგებიანი და კარგი იქნება ამ სქემაში ჩართული მხარეებისთვის", - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, "საქართველოს ბინზესასოციაციის" წარმომადგენლებმა დღესაც დააყენეს 7 სხვადასხვა შენიშვნა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არის მათი გათვალისწინების მზაობა.

"ის, რომ ამ რეფორმასთან დაკავშირებით განხილვის პროცესი ტრანსფარენტულია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება შენიშვნებს, სოსო ფხაკაძის თქმით, ეს ეხებოდა იმ საკითხებს, თუ როგორ დაინიშნებიან საინვესტიციო საბჭოს წევრები, როგორ მოხდება თანხების განკარგვა და ა.შ.

"მოვუწოდებ ყველა ადამიანს, რომ იყოს ამ რეფორმაში ჩართული, იქნება ბიზნესმენი თუ არაბიზნესმენი", - განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ეს რეფორმა უნდა განხორციელდეს.

"ძირითადი თანხების ინვესტირება მოხდება ქვეყნის შიგნით, თუმცა საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრა დამოკიდებული იქნება საინვესტიციო საბჭოზე და თუ ქვეყანაში ამოიწურება ის აქტივები, სადაც შესაძლებელი იქნება თანხების ინვესტირება, შეიძლება თანხის გარკვეული ნაწილი განთავსდეს უცხოეთში სხვადასხვა ფონდებსა და აქციებში", - განაცხადა ფხაკაძემ იმ კითხვის საპასუხოდ თუ სად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხის ინვესტირება.

კითხვაზე, დამსაქმებლის მხრიდან 2%-იანი შენატანის ვალდებულება საპენსიო ფონდში, ხომ არ აისახება დასაქმებულების ხელფასზე, ფხაკაძის განცხადებით, ეს თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება და ხარჯი 1.6% გამოდის.

"ეს გარკვეულწილად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. თითოეული ჩვენგანი გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის პენსიაზე და ჩვენ გვინდა გვქონდეს რაღაც კონკრეტული შემოსავალი, როცა ეს ასაკი დადგება ნებისმიერი ჩვენგანის შემთხვევაში", - განაცხადა ფხაკაძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოითქვა ბინზესის მხრიდან საშემოსავლო გადასახადის შემცირების საკითხი, ფხაკაძის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან დღეს ეს მოსაზრება არ გამოთქმულა, თუ თავად მთავრობა მივა ამ გადაწყვეტილებამდე, ბიზნესს ყოველთვის გაახარებს ნებისმიერი გადასახადის შემცირება.

"მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ჩვენს წევრებში რაიმე წინააღმდეგობა იმის გათვალისწინებით, რომ 1.6%-ით მოხდება ხარჯების გაზრდა, არ ფიქსირდება", - განაცხადა ფხაკაძემ.