"მზად ვართ, ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები საპენსიო სისტემის შესახებ კანონპროექტში გავითვალისწინოთ"

ჩვენ მზად ვართ, რომ ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები არსებულ კანონპროექტში გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნინო ჯავახაძემ დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ განაცხადა, რომელიც დღეს "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრებს გააცნეს.

როგორც ნინო ჯავახაძემ აღნიშნა, ბიზნესასოციაციის წევრებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელზეც განიხილეს დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებული კანონპროექტი.

"შენიშვნებს ვერ დავარქმევ, ძირითადად იყო მოსაზრებები, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ეს კანონპროექტი კიდევ უფრო და რომ უფრო მიესადაგებოდეს საზოგადოების მოთხოვნებს. კრიტიკული მოსაზრებებიც იყო, მაგრამ ძირითადად სამუშაო და კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა შეხვედრა და ჩვენ მზად ვართ, რომ ბიზნესასოციაციის მიერ გამოთქმული შენიშვნები კანონპროექტში გავითვალისწინოთ",- განაცხადა ჯავახაძემ.

კითხვაზე, საუბარი იყო თუ არა იმაზე, თუ სად უნდა მოხდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხების ინვესტირება, ნინო ჯავახაძის განცხადებით, თანხების ინვესტირებაზე იყო ბევრი მოსაზრება და გამოითქვა კონკრეტული მოსაზრებები და ხელისუფლება მზადაა, რომ აღნიშნული გაითვალისწინოს.

"საქართველოს ბიზნესასოციაციაში" გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი დაესწრნენ.